“ქართული დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების პროტესტის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა დაარეგისტრირა ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტი, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მუშაობას”, – ეს განცხადება დღეს ადამიანის უფლებებზე მომუშავე შვედურმა ორგანიზაციამ, Civil Rights Defenders-მა გაავრცელა. ორგანიზაცია “სამოქალაქო უფლებების დამცველები” ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს კანონპროექტის გამო, რომელიც დამტკიცების შემთხვევაში ძირს უთხრის ქვეყანაში დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების არსებობას. შემოთავაზებული კანონპროექტი აიძულებს ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას და მედიასაშუალებას, რომლებიც იღებენ თავიანთი დაფინანსების 20%-ზე მეტს საზღვარგარეთიდან, ცალკე რეესტრში დარეგისტრირდნენ, როგორც “უცხოური გავლენის აგენტები”.
“კანონპროექტი უფლებას აძლევს იუსტიციის სამინისტროს გამოიძიოს და მონიტორინგი გაუწიოს ორგანიზაციებს, რომლებსაც ისინი უცხოური გავლენის აგენტებად მიიჩნევენ. ეს ასევე შესაძლოა მოიცავდეს პერსონალურ მონაცემებზე წვდომის მოთხოვნას. შემოთავაზებული კანონპროექტი შეიცავს რისკს მთავრობის კონტროლის გაძლიერების შესახებ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე,რაც შესაძლოა ქვეყანაში განსხვავებული აზრის დასაძლევად იყოს გამოყენებული. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას და დამოუკიდებელ მედიას გადამწყვეტი როლი აქვს საქართველოს მომავლის, მისი დემოკრატიული განვითარებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით. მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, პატივი სცენ ქვეყანაში გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებას და არ მიიღონ შემოთავაზებული კანოპროექტი”, – ნათვქამია შვედური ორგანიზაციის განცხადებაში.