ხელოვნური ინტელექტი (AI) ყველაზე მეტად რუტინულ, განმეორებად და მონაცემებზე დაფუძნებულ პროფესიებს ემუქრება, სადაც ავტომატიზაციის მაღალი პოტენციალი არსებობს.
ჟურნალისტიკის მომავალი ერთდროულად დგას, როგორც გამოწვევების, ისე ახალი შესაძლებლობების წინაშეც.
AI-გენერირებული კონტენტით შესაძლოა რეპორტაჟების მომზადება ადამიანის ჩარევის გარეშე, მათ შორის არსებობს ყალბი კონტენტის შექმნის და გავრცელების რისკიც.
ჟურნალისტების AI-ზე ზედმეტად დამოკიდებულებამ შესაძლოა კრიტიკული ანალიტიკის და თვითონ ფაქტების გადამოწმების შესუსტება გამოიწვიოს. ყველაზე დიდი საფრთხე სამუშაო ადგილებს ემუქრება. შემცირება განსაკუთრებით რედაქტორებისა და ახალი ამბების შემდგენლებისთვისაა მოსალოდნელი.
ხელოვნური ინტელექტი და ზოგადად თანამედროვე ტექნოლოგიები მხოლოდ უარყოფით კონტექსტში არ უნდა განვიხილოთ. თანამედროვე მსოფლიოში მას უდიდესი შესაძლებლობები და მიღწევები გააჩნია.
ჟურნალისტები უკვე აქტიურად იყენებენ AI-ს მონაცემთა ანალიზისთვის, ტექსტების რედაქტირებისა და კვლევისთვის. AI ხელს უწყობს ფაქტების გადამოწმებას და ყალბი ინფორმაციის ამოცნობას. ბევრად სწრაფი და ეფექტურია რედაქტირება – ტრანსკრიფცია, თარგმნა და ა.შ.
სპეციალისტების პროგნოზით, სამუშაო ადგილები არ გაქრება სრულად, მაგრამ შეიცვლება მიდგომები და საჭიროებები. AI-სთან თანამშრომლობა გახდება აუცილებელი, აქედან გამომდინარე ჟურნალისტებმა უნდა ისწავლონ მისი ეთიკურად და ეფექტურად გამოყენება, რათა შეინარჩუნონ საკუთარი უნიკალურობა.
Thomson Reuters Foundation-ის (TRF) ახალი კვლევა, რომელიც 70-ზე მეტი ქვეყნის 200-ზე მეტ ჟურნალისტზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგებს ეყრდნობა აჩვენებს, რომ AI-ს დანერგვა ფართოდ არის გავრცელებული, თუმცა – არათანაბრად. გამოკითხულთა 81.7% უკვე იყენებს AI ინსტრუმენტებს თავის საქმიანობაში, ხოლო თითქმის ნახევარი (49.4%) მას ყოველდღიურად მიმართავს. ამ დროისთვის, AI ძირითადად გამოიყენება ტექსტების მონახაზებისა და რედაქტირებისთვის, ტრანსკრიფციისთვის, ფაქტების გადამოწმებისა და კვლევისთვის. ChatGPT, Grammarly, Otter და Canva მნიშვნელოვანი ინსტრუმენტები გახდა ჟურნალისტებისთვის, რომლებიც დროის დაზოგვასა და შემოქმედებითობის გაუმჯობესებაში ეხმარება.
მიუხედავად AI-ის მიმართ გამოხატული ენთუზიაზმისა, კვლევამ ასევე გამოავლინა მნიშვნელოვანი პრობლემები. გამოკითხულთა მხოლოდ 13%-მა განაცხადა, რომ მათ რედაქციას აქვს AI-ის გამოყენების ფორმალური პოლიტიკა. ეს ნიშნავს, რომ მისი დანერგვა ხშირად ინდივიდუალურ ჟურნალისტებზეა დამოკიდებული, რაც იწვევს შეუსაბამობებს და ეთიკურ საკითხებს.
ბარიერებს შორისაა AI-ის ინსტრუმენტებზე შეზღუდული წვდომა, მაღალი საფასური და სათანადო ტრენინგის ნაკლებობა. ჟურნალისტების 58% თვითნასწავლია, რაც აჩვენებს, რომ საჭიროა ინვესტიციები (AI-ის ეთიკურ გამოყენებაში) და მედიაორგანიზაციების მიერ შესაბამისი ტრენინგების უზრუნველყოფა.
ჟურნალისტები აღიარებენ AI-ის უპირატესობებს, თუმცა ასევე აღნიშნავენ მის რისკებს. მათგან შემდეგი მთავარი საფრთხეებია:
- დეზინფორმაცია და მიკერძოება – 49% ფიქრობს, რომ AI შეიძლება გახდეს მცდარი ან მიკერძოებული ინფორმაციის გავრცელების წყარო, რადგან არსებული მოდელების უმეტესობა დასავლურ მონაცემებზეა დამყარებული.
- ჟურნალისტური უნარების ეროზია – ზოგიერთი ჟურნალისტი შიშობს, რომ AI-ზე გადაჭარბებული დამოკიდებულება დაასუსტებს სარედაქციო უნარებსა და კრეატიულობას.
- სამუშაო ადგილების დაკარგვა – AI-ის მიერ ინფორმაციის გენერაცია შეიძლება გახდეს დასაქმებულთა შემცირების მიზეზი, განსაკუთრებით ახალგაზრდა ჟურნალისტებისთვის.
მომავლის პერსპექტივა: ეთიკა, რეგულაციები და ტრენინგი
კვლევის მონაწილეთა 57.1%-მა აღნიშნა, რომ AI-ის გამოყენებასთან დაკავშირებული ეთიკური საკითხები ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა მოკლევადიან პერსპექტივაში. ბევრი ჟურნალისტი მოითხოვს:
- AI-ის გამოყენების გამჭვირვალე პოლიტიკას, რომელიც დაავალდებულებს რედაქციებს, მიუთითონ, როდის და როგორ იყენებენ AI ინსტრუმენტებს.
- ხელისუფლებისა და ინდუსტრიის რეგულაციებს, რომლებიც დაიცავს მედიას დეზინფორმაციისა და მონაცემთა კონფიდენციალურობისგან.
- ტრენინგებსა და სემინარებს, რაც დაეხმარება ჟურნალისტებს AI-ის ეთიკურად და პასუხისმგებლიანად გამოყენებაში.
თუ გლობალური მასშტაბით ჟურნალისტიკა რეალურად ისარგებლებს AI-ის შესაძლებლობებით, აუცილებელია ერთობლივი ქმედებები რამდენიმე მიმართულებით:
- ტრენინგები და უნარების განვითარება – AI-სთან მუშაობისთვის სპეციალური პროგრამებისა და სახელმძღვანელოების შემუშავება.
- ეთიკური ჩარჩოების შექმნა – გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად.
- ინდუსტრიული კოლაბორაცია – მედიაორგანიზაციებს, დეველოპერებსა და დამფინანსებლებს შორის კოორდინაციის გაძლიერება.
- რეგულაციები და პოლიტიკა – სამართლებრივი მექანიზმების შემუშავება, რომელიც უზრუნველყოფს AI-ის სამართლიან გამოყენებას მედიაში.
- თანაბარი წვდომა – AI ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობა მხოლოდ დიდ მედიასაშუალებებს არ უნდა დაეთმოს.
კვლევის დასკვნაში აღნიშნულია, რომ მიუხედავად ფართოდ გავრცელებული AI-ის გამოყენებისა, მხოლოდ 42%-მა გამოკითხულმა გამოთქვა პოზიტიური მოლოდინი AI-ის მიმართ. ეს მიანიშნებს, რომ ამ ტექნოლოგიის საბოლოო გავლენა ჯერ კიდევ გაურკვეველია. მომავალი აჩვენებს, დაინახავენ თუ არა ჟურნალისტები AI-ს, როგორც აქტივს, თუ ის შესაძლოა გადაიქცეს გამოწვევად, რომელიც მათ სამუშაო გარემოს დააზარალებს.
ჟურნალისტებს და მედიასაშუალებებს, რომლებიც ვერ გაუმკლავდებიან თანამედროვე ტექნოლოგიებს, განსაკუთრებით ხელოვნურ ინტელექტს (AI), არაერთი მნიშვნელოვანი საფრთხე ემუქრებათ:
დღესდღეობით, მედიასაშუალებები, რომლებიც არ იყენებენ AI-ს ან სხვა თანამედროვე ტექნოლოგიებს, ბევრად ჩამორჩებიან კონკურენტებს. AI ხელს უწყობს არაერთ პროცესს, როგორიცაა მასალების ავტომატური გენერირება, სათაურების და შინაარსის ოპტიმიზაცია, ანალიზი და მონაცემთა ჩარჩოს სწრაფად დამუშავება. თუ მედიასაშუალებები ამ პროცესების გამარტივებასა და გამართვას ვერ მოახერხებენ, ისინი ნაკლებად კონკურენტუნარიანები გახდებიან.
AI-ს გამოყენება გაზრდის შინაარსის მორგებას აუდიტორიის ინტერესების მიხედვით, რაც საშუალებას იძლევა მედიასაშუალებებს უფრო მიზანმიმართულად მიაწოდონ ინფორმაცია და გაზარდონ აუდიტორია. თუ მედიასაშუალებები ვერ იყენებენ AI-ს ან მონაცემთა ანალიზის სხვა ტექნოლოგიებს, შესაძლოა, მათი აუდიტორია გაუშვან ან დაიკარგოს.
თუ მედიასაშუალებები ვერ გამოიყენებენ, AI-ს ტექნოლოგიებს (როგორიცაა მაგალითად ავტომატური რეპორტინგი), შესაძლოა მათი სამუშაო პროცესები დაბალი სიჩქარით და ნაკლები ეფექტურობით მიდიოდეს, რაც მათ საშუალებას არ მისცემს სწრაფად მოერგონ ბაზრის მოთხოვნებს.
ახალი ტექნოლოგიების გაუმართავმა გამოყენებამ ან საერთოდ ვერ გამოყენებამ, შესაძლოა გამოიწვიოს ჟურნალისტების უნარების გაუმართაობა ან მათი სამუშაოს გამოუსადეგარობა.
ამიტომ, დღევანდელ მედია გარემოში AI-სა და სხვა ტექნოლოგიების დანერგვა არ არის მხოლოდ შესაძლებლობა, არამედ აუცილებლობაც, რომელიც გვაძლევს კონკურენტულ უპირატესობას.
ცენზურის პირობებში, AI ტექნოლოგიები ჟურნალისტებს საშუალებას აძლევს, უფრო ეფექტურად გადალახონ ინფორმაციის კონტროლის ბარიერი და საზოგადოებას სანდო ფაქტები მიაწოდონ.
ერთი მხრივ, AI-ს შეუძლია ანონიმურად გაანალიზოს დიდი რაოდენობით მონაცემები, ამოიცნოს პროპაგანდა და ცრუ ინფორმაცია, რის შედეგადაც ჟურნალისტებს ეძლევათ საშუალება, შექმნან სანდო და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მასალები.
მეორეს მხრივ, AI ხელს უწყობს შიფრაციისა და ანონიმურობის ტექნოლოგიების გამოყენებას, რაც იცავს წყაროებს და საშუალებას აძლევს ჟურნალისტებს, უსაფრთხოდ გაავრცელონ ინფორმაცია რეპრესიული რეჟიმების პირობებში.
გარდა ამისა, AI-ს გამოყენება შესაძლებელია ცენზურის გვერდის ავლისთვის, მაგალითად, ალტერნატიული არხების საშუალებით ინფორმაციის გავრცელებით, ტექსტების ავტომატური კოდირებითა და დაბლოკილი ვებსაიტების სხვა ფორმატში გადატანით. ასევე, ბუნებრივი ენის დამუშავება (NLP) ეხმარება ჟურნალისტებს სხვადასხვა ენაზე შექმნან მასალები, რაც აუდიტორიის გაფართოების და საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვების შესაძლებლობას იძლევა.
ამგვარად, AI ჟურნალისტებს არა მხოლოდ ინფორმაციის შეგროვებაში, არამედ მისი დაცვასა და ეფექტურ გავრცელებაშიც ეხმარება.
სტატია მომზადებულია შვედურ ორგანიზაციასთან (Civil Rights Defenders) პარტნიორობის ფარგლებში. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის “ქართულ მედია ჯგუფს” და შესაძლოა არ ემთხვეოდეს CRD -ის ოფიციალურ პოზიციებს.