პოლიტიკა კრემლის პროპაგანდისტები საქართველოში – რისთვის იქმნება და ვისგან ვრცელდება დეზინფორმაცია?

კრემლის პროპაგანდისტები საქართველოში – რისთვის იქმნება და ვისგან ვრცელდება დეზინფორმაცია?

metalab.ge

საინფორმაციო ველზე რუსეთი, პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გავრცელებით, უკვე მრავალი წელია აქტიურად იბრძვის. დეზინფორმაციული ნარატივების გავრცელება, კრემლის მიერ მართულმა ჯგუფებმა საქართველოში ჯერ კიდევ 2008 წლიდან დაიწყეს, რასაც ბოლო პერიოდში უკვე მასიური სახე მისცეს. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო.

მანამდე კი რუსული მხარე უკრაინაში შეჭრის პარალელურად, გამუდმებით უწყობდა ხელს საქართველოში შიშის დათესვას, გაურკვევლობას და დაძაბულობას, რასაც ხშირად საკუთარი აგრესიის გასამართლებლად იყენებდა. ამ პროპაგანდას პრორუსული ძალები აქტიურად იმეორებდნენ, რასაც ყველაზე მძაფრად ემატებოდა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის დანერგვის ნარატივი.

რა სახის დეზინფორმაცია ვრცელდება ანტიდასავლური ჯგუფების მიერ, ვინ არიან ავტორები და როგორ უწყობენ ხელს ამ გზავნილების გავრცელებას საქართველოში? – ამ კითხვებზე პაასუხების გასაცემად რუსულ საინფორმაციო წყაროებზე თვალის გადავლება და შემდეგ საქართველოში ამ ნარატივების გამხმოვანებელთა იდენტიფიცირებაც საკმარისია.

რუსული პროპაგანდისტული და დეზინფორმაციული ნარატივების გავრცელებაში აქტიურადაა ჩაბმული რუსული სატელევიზიო და ბეჭდური მედიები, “რუსეთის პირველი არხი”, “ტელეარხი ზვეზდა”, “russia today”, Звезда Live,”, Известия, Blotknot_politika, Sputnik Абхазия, Sputnik: Южная Осетия новости и события дня და სხვა. 

რუსეთის პროპაგანდა უკრაინაში შეჭრის ფონზე

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, რუსული მხარე იმასაც ამტკიცებდა, რომ რუსეთი ომებს არ იწყებს. მაგალითად, ტელეკომპანია “რასია 1”-ის ეთერში ჟურნალისტმა ვლადიმირ სოლავიოვმა და “რაშა თუდეის” რედაქტორმა, მარგარიტმა სიმონიანმა განაცხადეს, რომ რუსეთი არ იწყებს ომებს, თუმცა ის იძულებული გახდა დონბასში მიმდინარე 8 წლიანი ომი დაესრულებინა.

აღსანიშნავია, რომ საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობის პარალელურად, რუსულმა პროპაგანდამ, რომელიც აგრესიულ ომს ნაციზმისა და ფაშიზმის წინააღმდეგ მიმართულ ომად ნათლავდა, რუსეთის არმია უკრაინული ქალაქებისა და ხალხის განმათავისუფლებელ არმიად მონათლა. მათ სიუჟეტებში ჩანდა თითქოს უკრაინელები ქალაქებში შესულ რუს სამხედროებს სიხარულით ეგებებოდნენ.

კრემლის პროპაგანდა აქტიურად ავრცელებდა დეზინფორმაციულ ნარატივს იმის თაობაზეც, რომ რუსეთი სამოქალაქო მოსახლეობას თავს არ ესხმოდა. (პირველი არხის გადაცემა). მაშინ როდესაც, ასევე რუსული პროპაგანდის მტკიცებით, თავად უკრაინული მხარე უკრიანელ მოქალაქეებს სახლებიდან დევნიდა და მათ ცოცხალ ფარად იყენებდა

კრემლმა მის მიერ მართული “მედიების” დახმარებით, თავად რუსული მხარის მიერ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმებში მარიუპოლზე, ბუჩასა და კრამატორსკიზე უკრაინული მხარე დაადანაშაულა. 

საბრძოლო მოქმედებების პარალელურად, რუსულ მედიასა და სოციალურ ქსელებში მუდმივად მიმდინარეობდა “სამხედრო ოპერაციის” დაწყებაში კოლექტიური დასავლეთის, ევროპის ქვეყნებისა და ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე ნატოს დადანაშაულება. კრემლის პროპაგანდა სამხედრო მოქმედებებს დასავლეთის მუქარასა და რუსეთისთვის ეგზისტენციალური საფრთხის შექმნას აბრალებდნენ. უფრო მეტიც, მათი თქმით დასავლეთს, უკრაინის ხელით რუსეთის განადგურება სურდა.

რუსეთის პროპაგანდა და ჰიბრიდული ომი საქართველოში

საქართველო დღემდე რუსეთის დეზინფორმაციის და ჰიბრიდული ომის სამიზნეა. თავად ჰიბრიდული ომი კი არის პროპაგანდა, სიცრუეში შეყვანა, საბოტაჟი და სხვა არასაომარი მოქმედებები, რომელიც მოწინააღმდეგის დესტაბილიზაციის მიზნით გამოიყენება. დეზინფორმაციული კამპანიების მიზანია, შეამციროს სახელმწიფო ინსტიტუტების ნდობა, გააძლიეროს სოციალური განხეთქილება, უკმაყოფილება და შიში, საზიანო გავლენა მოახდინოს არჩევნებზე, ხელი შეუწყოს ავტორიტარულ და პოპულისტურ დღის წესრიგს, გამოიწვიოს პოლარიზაცია, დააკნინოს უფლებადამცველები ან ადამიანის უფლებათა დაცვის პროცესი და ა.შ. დეზინფორმაცია იწვევს დაბნეულობას და აქვს „მსუსხავი ეფექტი“ გამოხატვის თავისუფლების კუთხით. ადამიანები აღარ მონაწილეობენ საჯარო განხილვებში და არ გამოთქვამენ საკუთარ აზრს იმის შიშით, რომ გახდებიან ონლაინ თავდასხმების მსხვერპლი ან დეზინფორმაციული კამპანიების სამიზნე. ანტიდასავლური პროპაგანდა ძირითადად გაჯერებულია რუსული პროპაგანდის ნარატივებით.
საქართველოში რუსული დეზინფორმაცია, ძირითადად, ქართულ ენაზე ვრცელდება და მისი
გამავრცელებელი არიან პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მედიები, ულტრამემარჯვენე ჯგუფები, სასულიერო პირები.ასევე, სოციალური ქსელებში არსებული ყალბი გვერდები და ანგარიშები.


ანტიდასავლური ნარატივები საქართველოში მიმართულია ევროატლანტიკური კურსის და ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფოებისა თუ ორგანიზაციების წინააღმდეგ, კერძოდ აპელირებს აშშ ის, ნატოსა და ევროკავშირის მხრიდან იდენტობისა და ღირებულებების დაკარგვის საფრთხეზე, ავრცელებს ნარატივს, რომ თუ საქართველო ევროატლანტიკურ კურსს აირჩევს, დაკარგავს ტერიტორიებს. პროპაგანდის მიზანია დათესოს შიში და უიმედობა და რუსეთი წარმოაჩინოს, როგორც დასავლეთის ალტერნატივა.

დეზინფორმაცია აქტიურად გამოიყენება არჩევნების დროს, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. არჩევნები კონკურენტული პროცესია, სადაც მოქალაქეები ინფორმირებულ არჩევანს აკეთებენ, დეზინფორმაცია კი სიმართლესა და სიცრუეს შორის შლის ზღვარს და შეიძლება, შეცდომაში შეიყვანოს ამომრჩეველი. დამატებით ჭორებმა, გადაუმოწმებელმა ინფორმაციამ, კიბერბულინგმა შეიძლება გაამწვავოს პოლიტიკური გარემო, გამოიწვიოს დესტაბილიზაცია და ა.შ. შედეგად, მტრულად განწყობილი ქვეყნის ნარატივების გავრცელებამ, ზღვარის წაშლამ ტყუილსა და მართალს შორის, დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ ნდობის შემცირებამ, არჩევნებში ჩარევამ, რადიკალური იდეების წახალისებამ შეიძლება გამოიწვიოს ძალადობა ქვეყნის შიგნით და უფრო მეტიც, საფრთხე შეუქმნას ქვეყნის სუვერენიტეტს.

ანტიდასავლური განწყობებისა და პრორუსული ნარატივების გამავრცელებელ პროპაგანდისტულ საშუალებებში რუსეთი დიდ ფულს დებს. კრემლმა საქართველოშიც შექმნა მედიასაშუალებები და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ფორმალურად დემოკრატიის განვითარებას შეუწყობდნენ ხელს, რეალურად კი რუსულ ინტერესებს გაატარებდნენ.

გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანებამ საქართველოში ასეთი 76 ორგანიზაცია დათვალა, რომელიც დღესაც ცდილობს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთგაგებასა და კეთილმეზობლურ ცხოვრებას ხელი შეუწყოს. მსგავსი ორგანიზაციების მომრავლება განსაკუთრებით დასავლეთის სტრუქტურებთან დაახლოების შემდეგ დაიწყო.

მათი დეზინფორმაციული ნარატივის მთავარი თემებია იდენტობა და ფასეულობები, კერძოდ, ლგბტქ თემები. მათი მესიჯები ზუსტად იმეორებს რუსული პროპაგანდის თემებს. მსგავსი ორგანიზაციები საქმიანობას ქრისტიანული და ეროვნული ინტერესების დაცვით ნიღბავენ, სინამდვილეში კი, კრემლის ინტერესებს ატარებენ.

ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფო სტრუქტურებმა და ოფიციალურმა პირებმა, საქართველოში ოკუპანტი ქვეყნის ინტერესები აღკვეთონ და ხელი შეუშალონ მათ მიზანს, საზოგადოებაში შიშისა და დაძაბულობის შექმნის შესახებ, ხშირად სწორედ იმავე ნარატივებს აჟღერებენ, რასაც კრემლის მიერ მართული საინფორმაციო წყაროები და თითქოსდა “გამჭვირვალობის” სახელით ებრძვიან დამოუკიდებელ ორგანიზაციებს, რომლებიც ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას ემსახურებიან, ფაქტებს ამოწმებენ და ადამიანის უფლებებს იცავენ.

სტატია მომზადებულია შვედურ ორგანიზაციასთან (Civil Rights Defenders) პარტნიორობის ფარგლებში. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის “ქართულ მედია ჯგუფს” და შესაძლოა არ ემთხვეოდეს CRD -ის ოფიციალურ პოზიციებს.

დაკავშირებული სტატიები

www.metalab.ge

ანალიტიკური ცენტრი

TOP.GE

მოიწონე გვერდი

ბოლო სიახლეები

© metalab.ge –  საიტი შექმნილია  IWPR – ის მხარდაჭერით.