ოკუპაცია კონტროლის მოპოვება “ომის გარეშე”- რუსული საინფორმაციო ოპერაციები საქართველოში

კონტროლის მოპოვება “ომის გარეშე”- რუსული საინფორმაციო ოპერაციები საქართველოში

metalab.ge

საქართველოში, ბოლო წლებში გამოვლენილი სხვადასხვა ქმედებებიდან აშკარაა, რომ კრემლის სტრატეგია მხოლოდ ტანკებსა და ჯარებს არ ეყრდნობა. პირიქით, რუსეთი დღესაც აქტიურად იყენებს საინფორმაციო ოპერაციებს, რათა საზოგადოებრივი აზრი საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ შეცვალოს, საზოგადოებაში უნდობლობა და განხეთქილება გააღვივოს და ქვეყნის ევროატლანტიკური კურსი შეასუსტოს, მითუმეტეს იმ ქვეყანაში, რომლის ხელისუფლებისგან, სასურველი გეგმის განსახორციელბლად ბარიერები არ ხვდება.

რუსეთის ჰიბრიდული ომი საქართველოში მხოლოდ დეზინფორმაციითა და პროპაგანდით არ შემოიფარგლება – ის მოიცავს ეკონომიკურ დამოკიდებულებას/ზეწოლას, პოლიტიკურ ჩარევას, კიბერშეტევებს და ე.წ. რბილი ძალის გამოყენებას. ამ კვლევაში განვიხილავთ რუსული საინფორმაციო ოპერაციების ძირითად ფაზებსა და მეთოდებს, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოს მოსახლეობის მენტალური კონტროლის დამყარებას “ომის გარეშე”.

ჰიბრიდული ომის ფაზები და ეტაპებინიადაგის შექმნა

რუსეთი ათწლეულებია, რაც მიზანმიმართულად ქმნის საინფორმაციო ველს, ქართულ საზოგადოებაში ანტიდასავლური განწყობების გასაძლიერებლად. მათ შორის: საბჭოთა ნარატივების გააქტიურება, მართლმადიდებლური ერთობის თემის ექსპლუატაცია და კულტურული ერთობის ილუზიის შექმნა – ეს იმ მეთოდთა მცირე ნაწილია, რომლებსაც კრემლი საქართველოში წლებია იყენებს.

განსაკუთრებით შესამჩნევია, რომ რუსეთი ამ პროცესში რთავს ადგილობრივ პოლიტიკურ მოთამაშეებს, რომლებსაც “ტრადიციული ღირებულებების დამცველებად” წარმოაჩენს. მაგალითად, მმართველი პარტიის ლიდერები, სისტემატურად იმეორებდნენ (განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ): “ლგბტ პროპაგანდა, რომელიც დასავლეთიდან მოდის, საფრთხეს უქმნის ქართულ საზოგადოებას და ჩვენს ეროვნულ იდენტობას.” ამგვარი გზავნილები ზუსტად ასახავდა რუსული პროპაგანდის ნარატივებს, რომლებიც დასავლეთს ტრადიციული ღირებულებების მტრად წარმოაჩენს.

საინფორმაციო შეტევა – პროპაგანდის გააქტიურება

რუსული პროპაგანდა სასურველი მიზნისთვის აქტიურად იყენებს დეზინფორმაციას, ყალბ კვლევებს და კონსპირაციულ თეორიებს. მაგალითად, 2022 წლის განმავლობაში ქართულ სოციალურ მედიაში 100-ზე მეტი დეზინფორმაციული კამპანია გაშუქდა, რომელიც ამტკიცებდა, რომ “ნატოს გაფართოება საქართველოში მხოლოდ ომს მოიტანს.” რეალურად, ქვეყნებმა, რომლებმაც ნატოში გაწევრიანება შეძლეს (მაგალითად, ბალტიისპირეთის სახელმწიფოები, ახლა უკვე ფინეთი და შვედეთი), პირიქით, უსაფრთხოების დონის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ნახეს.

“ქართული ოცნების” მაღალჩინოსნები სისტემატურად აცხადებდნენ, რომდასავლეთის მიერ წახალისებულმა პროტესტებმა უკრაინაში კატასტროფული ომი გამოიწვია. იგივე სცენარს გვიმზადებენ ჩვენთანაც. ეს რიტორიკა პირდაპირ ეხმიანება კრემლის ნარატივს, რომელიც ამართლებს უკრაინაში შეჭრას და დასავლეთს პროვოკატორად წარმოაჩენს. სინამდვილეში, უკრაინის ომი რუსეთის აგრესიის პირდაპირი შედეგია და არა დასავლეთის ინიციატივა.

ყველაზე გამორჩეული ნარატივები, რაც პირდაპირ იმეორებდა რუსულ რიტორიკას:

  • “დასავლეთი ცდილობს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას და ქვეყნის სუვერენიტეტის შელახვას. – რეალუად, დასავლური ქვეყნები, განსაკუთრებით ევროკავშირი და აშშ, მხარს უჭერენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მათი ჩართულობა მიზნად ისახავს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას და ადამიანის უფლებების დაცვას.
  • “დასავლეთის ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები მხარს უჭერენ ოპოზიციურ პარტიებს და ცდილობენ ხელისუფლების შეცვლას.” – რეალურად დასავლეთის ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები მხარს უჭერენ დემოკრატიულ პროცესებს და თავისუფალ, სამართლიან არჩევნებს. მათი მიზანი არ არის კონკრეტული პარტიის მხარდაჭერა, არამედ დემოკრატიული პრინციპების დაცვა და ქვეყნის სტაბილური განვითარება.
  • “დასავლური ღირებულებები ეწინააღმდეგება საქართველოს ტრადიციულ ფასეულობებს და კულტურას.” – რეალურად, დასავლური ღირებულებები, როგორიცაა ადამიანის უფლებები, თავისუფლება და დემოკრატია, უნივერსალურია და არ ეწინააღმდეგება საქართველოს ტრადიციულ ფასეულობებს. პირიქით, ისინი ხელს უწყობენ საზოგადოების განვითარებას და თითოეული ადამიანის უფლებების დაცვას.

აღსანიშნავია, რომ “ქართული ოცნების” 2024 წლის წინასაარჩევნო კამპანია გამოირჩეოდა ანტილიბერალური, ანტიდასავლური და კონსპირაციული გზავნილებით, რაც მიზნად ისახავდა საზოგადოების პოლარიზაციას და დასავლური ინსტიტუტებისადმი უნდობლობის გაღვივებას.

“ქართული ოცნების” წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებები, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა (NGO) და მედიას ეხებოდა, ხშირად შეიცავდა კრიტიკულ და ანტიდასავლურ ტონს. ეს განცხადებები მიზნად ისახავდა საზოგადოების თვალში ამ ინსტიტუტების დისკრედიტაციას და მათ მიმართ უნდობლობის გაღვივებას.

არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის მიმართ კრიტიკა:

“ქართული ოცნების” ლიდერები ხშირად აცხადებდნენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები უცხოური გავლენის აგენტები არიან და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას ცდილობენ. ისინი აღნიშნავდნენ, რომ ეს ორგანიზაციები დასავლეთის ქვეყნების ინტერესებს ემსახურებიან და არ ასახავენ ქართველი ხალხის ნებას.

მედიის მიმართ “ქართული ოცნების” წარმომადგენლები ხშირად გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას, “ამტკიცებდნენ”, რომ ზოგიერთი მედია საშუალება მიკერძოებულია და ოპოზიციურ ძალებს ემსახურება. ისინი ასევე აცხადებდნენ, რომ მედია ავრცელებს დეზინფორმაციას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს.

რეალურად,

  • არასამთავრობო ორგანიზაციები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ დემოკრატიული საზოგადოების განვითარებაში, ადამიანის უფლებების დაცვაში და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაში. მათი საქმიანობა მიმართულია საზოგადოების კეთილდღეობისკენ და არ ემსახურება უცხოური სახელმწიფოების ინტერესებს.

  • თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია აუცილებელია დემოკრატიული პროცესებისთვის. მედიის კრიტიკა და მისი დისკრედიტაცია ხელს უშლის საზოგადოების ინფორმირებულობას და აზრის თავისუფალ გამოხატვას.

    აღსანიშნავია, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, 22 ნოემბერს, ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააკეთეს ერთობლივი განცხადება, სადაც აღნიშნეს, რომ არჩევნები ჩატარდა მოქალაქეთა დაშინების, იძულების, ტოტალური კონტროლის, ხმის ფარულობის მასობრივი დარღვევის, ძალადობისა და მოსყიდვის დანაშაულებრივი სქემის გამოყენებით. ისინი ითხოვენ ხელახალი, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას.

    რეპრესიების ფაზა

    2025 წლის დასაწყისში საქართველოში რუსული ჰიბრიდული ომის საფრთხეები განსაკუთრებით გამწვავდა, რაც მმართველი პარტია “ქართული ოცნების” პრორუსული პოლიტიკისა და ინიცირებული კანონმდებლობის შედეგად კიდევ უფრო გამარტივდა. ეს კანონები ხელს უწყობს რუსეთის სტრატეგიულ მიზნებს საქართველოში, რაც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და პროდასავლურ კურსს საფრთხეს უქმნის.

    “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში, განსაკუთრებით 2025 წლის თებერვალში, პარლამენტში ინიცირდა კანონები, რომელიც ზღუდავს მედიის თავისუფლებას, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობასა და გამოხატვის თავისუფლებას. ეს კანონები, რომლებიც ფორმალურად მიზნად ისახავს “უცხოური გავლენის აგენტების” რეგულაციას, რეალურად ემსახურება კრიტიკული ხმების ჩახშობას და სამოქალაქო საზოგადოების კონტროლს. ასეთი კანონმდებლობა ჰგავს რუსეთის “უცხოური აგენტების” შესახებ კანონებს, რომლებიც გამოიყენესება ოპოზიციისა და დამოუკიდებელი მედიის დასათრგუნად.

    რუსეთი აგრძელებს დეზინფორმაციული კამპანიების განხორციელებას საქართველოში, რაც მიზნად ისახავს საზოგადოების პოლარიზაციას და დასავლური ინსტიტუტებისადმი უნდობლობის გაღვივებას. “ქართული ოცნების” მიერ მიღებული კანონები, რომლებიც ზღუდავს მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას, ხელს უწყობს ამ დეზინფორმაციის გავრცელებას, რადგან კრიტიკული ხმების ჩახშობა ამცირებს საზოგადოების ინფორმირებულობის დონეს და ზრდის დეზინფორმაციის მიმართ მოწყვლადობას.

    პოლარიზაციისა და დესტაბილიზაციის ფაზა

    რუსული საინფორმაციო ოპერაციების ერთ-ერთი მთავარი მიზანია, საქართველოს შიგნით დაპირისპირების გაღრმავება. გასულ წელს „რუსული კანონის“ განხილვისას, მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ „უცხოური დაფინანსების მიღმა იმალება ძალები, რომლებსაც საქართველოს რუსეთთან ომში ჩათრევა სურთ.” მსგავსი განცხადებები მიზანმიმართულად ამცირებს ნდობას არასამთავრობო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ.

    გარდა ამისა, რუსეთი ცდილობს, სოციალურ ქსელებში ყალბი ანგარიშების მეშვეობით პროვოკაციული თემები გაავრცელოს. მაგალითად, Facebook-ზე ჩატარებული კვლევების თანახმად, 2022-2023 წლებში აქტიურად ვრცელდებოდა დეზინფორმაცია, რომ საქართველოში “დასავლეთი საბრძოლო ბიოლოგიურ ლაბორატორიებს აშენებს”, რაც აბსურდული და კრემლის მიერ გამოგონილი პროპაგანდისტული მითი იყო.

    საინფორმაციო ოპერაციების გავლენა და წინააღმდეგობის მექანიზმები

    რუსული საინფორმაციო ოპერაციები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საზოგადოებრივ განწყობებზე. მაგალითად, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ჩატარებული კვლევების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 35%-ს მიაჩნდა, რომ “დასავლეთი საქართველოს სუვერენიტეტს საფრთხეს უქმნის”, რაც 2018 წლის მონაცემთან შედარებით 10%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

    უსაფრთხოების გამოწვევები

    “ქართული ოცნების” მთავრობის სუსტი რეაგირება და უსაფრთხოების გაუმართავი პოლიტიკა კიდევ უფრო ამარტივებს რუსეთისთვის სასურველი ოპერაციების განხორციელებას. მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც საქართველოში, ოკუპირებული რეგიონების ფონზე, არ არსებობს “საფრთხეების შეფასების დოკუემნტი” , 2011 წლის შემდეგ აღარ განახლებულა “უსაფრთხოების კონცეფცია”.

    რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი აგრძელებს მცოცავი ოკუპაციის პოლიტიკას, რაც გამოიხატება გამყოფ ხაზთან ე.წ. საზვღვრის აღმნიშვნელი ბანერების უკანონოდ განთავსებაში და ოკუპირებული რეგიონების საქართველოსგან კიდევ უფრო იზოლირების მცდელობაში. “ქართული ოცნების” მთავრობის პასიურობა და არაეფექტური პოლიტიკა ამ საკითხთან დაკავშირებით ხელს უწყობს რუსეთის ქმედებების თავისუფლად განხორციელებას საქართველოში.

    სტატია მომზადებულია შვედურ ორგანიზაციასთან (Civil Rights Defenders) პარტნიორობის ფარგლებში. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის “ქართულ მედია ჯგუფს” და შესაძლოა არ ემთხვეოდეს CRD -ის ოფიციალურ პოზიციებს.

    დაკავშირებული სტატიები

    www.metalab.ge

    ანალიტიკური ცენტრი

    TOP.GE

    მოიწონე გვერდი

    ბოლო სიახლეები

    © metalab.ge –  საიტი შექმნილია  IWPR – ის მხარდაჭერით.