გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ევროკავშირისგან კანდიდატის სტატუსის მიღებას წლის ბოლოსთვის ელოდება და ფიქრობს, რომ ქვეყანას ამ პროცესში “ხალხის ძალის” მიერ ინიცირებული კანონპროექტი ხელს არ შეუშლის. დავით რაზმაძის განმარტებით, ეს კანონი რუსეთთან აფილირებული ჯგუფების გამოსავლენად აუცილებელია, რომლებიც მისი ინფორმაციით, შიდა ქართლშიც მრავლად არიან.
“ვფიქრობთ შევძლებთ ევროსაბჭოს ყველა რეკომენდაციის შესრულებას და წლის ბოლოს ქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა გახდება. „ქართული ოცნება“ მოსვლის დღიდან ღიაა და არ ერევა არანაირ კერძო სექტორის საქმიანობაში. რაც შეეხება ინიცირებულ კანონპროექტს, მე მაქვს სერიოზული ეჭვი, რომ რიგი ორგანიზაციები ბუფერულად იყენებენ სხვადასხვა ფონდებს და რუსეთიდან ფინანსდებიან, მათ შორის შიდა ქართლის რეგიონშიც. სწორედ მათი გამოვლენაა ამ ინიციატივის მიზანი. სახელმწიფოს უშიშროების სამსახური, როდესაც ამაზე მუშაობას დაიწყებს, იქ ყველა ეს რადიკალური ორგანიზაცია და მათთან მიბმული არასამთავრობოები, უკვე სხვა ფორმით გამოვლინდებიან“,-აღნიშნა დავით რაზმაძემ.