უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების საკითხი კვლავაც საერთაშორისო ყურადღების ცენტრშია. ბოლო პერიოდში, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთეს, რომლებიც ომის დასრულების პერსპექტივებსა და მოლაპარაკებების პროცესს ეხება.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღნიშნავდა, რომ უკრაინაში ომის დასრულება რამდენიმე კვირაშია შესაძლებელია. მისი თქმით, ევროპული ჯარების სამშვიდობო მისიაში მონაწილეობა შესაძლოა განხილვის საგანი გახდეს. ამასთან, ტრამპმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინთან ამ საკითხზე საუბარი ჰქონდა და „მას ამასთან დაკავშირებით პრობლემა არ აქვს“.
ტრამპის ამ პოზიციაას კრემლში მალევე მოჰყვა რეაგირება. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა, ჟურნალისტებს სერგეი ლავროვის განცხადებაზე მიუთითა, რომელმაც აღნიშნა, რომ რუსეთისთვის მიუღებელია უკრაინაში ევროპული ჯარების განთავსება, თუნდაც არა ნატოს ეგიდით. ლავროვის თქმით, ასეთი ნაბიჯი შესაძლოა რეგიონში დაძაბულობის ესკალაციის გამომწვევი გახდეს და მოლაპარაკებების პროცესს ზიანი მიაყენოს. ლავროვმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი მზადაა მოლაპარაკებებისთვის, თუმცა დასავლეთმა უნდა გაითვალისწინოს რუსეთის უსაფრთხოების ინტერესები და შეწყვიტოს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა, რაც კონფლიქტის გაგრძელებას უწყობს ხელს.
“ომის გაჩერება შეხების ხაზზე არ მოხდება, რუსეთი არ განიხილავს არანაირ ვარიანტებს უკრაინის ტერიტორიაზე ევროპული ჯარების განლაგების შესახებ”, – ამბობს ლავროვი.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, დღეს სამშვიდობო შეთანხმებაზე საუბარი არ არის. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა მზადაა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრისთვის, რათა განიხილონ ორმხრივი მემორანდუმი, რომელიც უსაფრთხოების საკითხებს არ ეხება, არამედ – ორმხრივ თანამშრომლობას.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ სამართლიანი მშვიდობა უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რათა არ არსებობდეს განცდა, რომ თავსხმოვეული უსამართლობის გამო მათ დაკარგეს საუკეთესო ადამიანები. მისი თქმით, ომი დასრულდება, მაგრამ ზუსტი თარიღი არ არსებობს. ამასთან, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკით, რომელსაც დონალდ ტრამპი ხელმძღვანელობს, ომი უფრო სწრაფად დასრულდება.
“ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი და უსაფრთხოება არანაირ განხილვას, გადახედვას და კომპრომისებს არ ექვემდებარება”, – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.
სამივე მხარის განცხადებები მიუთითებს, რომ ომის დასრულების საკითხი კვლავაც რთული და მრავალმხრივია. ტრამპის ოპტიმისტური პროგნოზები და ზელენსკის მზადყოფნა მოლაპარაკებებისთვის დადებითი სიგნალებია, თუმცა ლავროვის მკაცრი პოზიცია ევროპული ჯარების განთავსების საკითხზე აჩვენებს, რომ მხარეებს შორის მნიშვნელოვანი უთანხმოებები რჩება.
ამასთან უკრაინასა და აშშ-ს შორის იშვიათი მეტალების შესახებ შეთანხმების ზოგადი ტექსტი გამოქვეყნდა, რომელიც „აღდგენის საინვესტიციო ფონდის“ შექმნას ითვალისწინებს. ფონდს ორივე ქვეყანა თანაბარ პირობებში უხელმძღვანელებს, ხოლო უკრაინა მის ანგარიშზე ბუნებრივი რესურსების მონეტიზაციიდან მიღებული შემოსავლის 50%-ს გადაირიცხავს. შეთანხმებას უკრაინის ეკონომიკის მინისტრი იულია სვირიდენკო და აშშ-ის ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი მოაწერენ ხელს, ხოლო მისი რატიფიკაცია უმაღლესმა რადამ უნდა განახორციელოს. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დოკუმენტში არანაირი 500, 350 ან 100 მილიარდიან ვალზე საუბარი არ არის, ხოლო ხელშეკრულება მთლიანობაში 11 პუნქტისგან შედგება.
უცხოური მედიის ცნობით, პარასკევს , თეთრ სახლში დონალდ ტრამპს ეწვევა ვოლოდიმირ ზელენსკი და მეტი დეტალი შეთანხმების შესახებ, სწორედ მათი შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი.
სტატია მომზადებულია შვედურ ორგანიზაციასთან (Civil Rights Defenders) პარტნიორობის ფარგლებში. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის “ქართულ მედია ჯგუფს” და შესაძლოა არ ემთხვეოდეს CRD -ის ოფიციალურ პოზიციებს.