პარლამენტმა მინისტრის საათის ფორმატში ნათია თურნავას მოუსმინა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა 2021 წლის ეკონომიკური ტენდენციები შეაჯამა. მინისტრმა უწყების მიერ გაწეულ საქმიანობაზე მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა. თურნავას გამოსვლის ერთ-ერთი მიმართულება ქვეყანაში სიღარიბის პრობლემას და მისგან გამოწვეულ საკითხებს უკავშირდებოდა. მისი განმარტებით, 2021 წელი თვისობრივად განსხვავებული იყო ვიდრე 2020, რადგან მთავრობამ ჯერ კიდევ არ იცოდა პანდემიასთან ბრძოლის სხვა, უფრო ეფექტური მეთოდი, საზღვრების და ეკონომიკის ჩაკეტვის გარდა. თურნავას თქმით, გაჩერებულ ეკონომიკასა და წერტილოვანი სუბსიდიების გარდა დახმარება ვერცერთ სექტორზე ხერხდებოდა.
“ჩვენ გაზაფხულზე მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება – უარი გვეთქვა ჩაკეტვებსა და პანდემიასთან ბრძოლაში გადავსულიყავით უპირატესად ვაქცინაციაზე. შედეგად, გავხსენით ეროვნული ეკონომიკა, შევქმენით ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილურობისთვის ხელსაყრელი გარემო, ბიზნესს დავუბრუნეთ სიმშვიდე და პროგნოზირებადობის განცდა. ანუ ყველა გაგებით, 2021 წელი არის სწრაფი აღდგენის წელი და შემდგომი მშვიდობიანი განვითარების კარგი საწინდარი”, – განაცხადა ნათია თურნავამ.
მანამდე ეკონომიკის ზრდის შესახებ განცხადება პრემიერ მინისტრმა გააკეთა. ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით ეკონომიკური ზრდა 10 თვეში 7%-მდეა.
როგორც მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნულ პერიოდში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 10.5%-ს შეადგენს, რაც უპრეცედენტოდ მაღალია ევროპაში.
“წინასწარ მინდა გითხრათ, რომ ოქტომბრის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი არის 7%-მდე, რაც ჯამში 10 თვეში 10,5% გამოდის. ეს მართლაც უნიკალური, უპრეცედენტო ზრდაა მთელს რეგიონში და არა თუ რეგიონში, მთელს ევროპაში. კიდევ ერთხელ, გილოცავთ ამ ძალიან სასიხარულო ამბავს“,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
როგორი იქნება ამ მხრივ 2022 წელი, ექსპერტებს ზუსტი პროგნოზის გაკეთება ამ ეტაპზე უჭირთ. პროფესორი, ვლადიმერ პაპავა ფიქრობს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა კვლავ გლობალური პანდემიის პროცესებზე იქნება დამოკიდებული.
“ვერცერთი ქვეყანა ეპიდემიას ვერ დაამარცხებს, იმიტომ, რომ კოვიდ-19 გლობალური ფენომენია. იცით, რომ კორონავირუსის ახალი შტამები ჩნდება: იქნება თუ არა სირთულეები მომავალში, ამის თქმა შეუძლებელია. ამიტომაც არის, რომ იგივე საერთაშორისო სავალუტო ფონდიც ყოველ 3 თვეში ერთხელ პროგნოზებს აახლებს. ჩვენ ვნახეთ, თუნდაც ბოლო წლის განმავლობაში რამდენჯერ შეცვალა, გამომდინარე იქიდან, რომ დღეს უფრო გრძელვადიანი პროგნოზის გაკეთება, პრაქტიკულად, შეუძლებელია,” -ამბობს ლადო პაპავა.
ექსპერტების განმარტებით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მოსახლეობის კეთილდღეობაზე მანამდე ვერ აისახება, ვიდრე რადგან ქვეყანაში ინფლაციის დონე მაღალია. ბოლო მონაცემებით ის 13%-ითაა განსაზღვრული. .