პოლიტიკა ევროპული ფორუმის მიმართვა საქართველოს მოქალაქეებს

ევროპული ფორუმის მიმართვა საქართველოს მოქალაქეებს

metalab.ge

საქართველოს ევროპული ფორუმი 140 წევრის სახელით მიმართვას ავრცელებს. მიმართვის ტექსტი იმ ვითარებას ეხება, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებთან დაკავშირებით, ბოლო პერიოდში შეიქმნა:

  • ევროკავშირისა და მისი წარმომადგენლების წინააღმდეგ დაწყებული ორგანიზებული პროპაგანდის მიზანია, რომ წარმოადგინოს იგი, როგორც მიკერძოებული და ცრუ ინფორმაციას აყოლილი გაერთიანება, რომელსაც საქართველოსთვის ზიანის მიყენება სურს;
  • ამ უპასუხისმგებლო კამპანიის ჭეშმარიტი მიზეზი კი ქვეყანაში არსებული მნიშვნელოვანი პრობლემებიდან ყურადღების გადატანაა ფსევდოპატრიოტული მოტივების გამოყენებით. სინამდვილეში ყველაზე მეტად რაც გვაზიანებს და სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჩვენს უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას ეს არის: შერჩევითი სამართალი, რაც სამართლის ვიწროპარტიული ინტერესებისთვის დაქვემდებარებას მოიცავს; განსხვავებული აზრის დევნა; ადამიანთა შევიწროება და მათზე დაუსჯელი ძალადობა; ოპონენტებების მუდმივი შანტაჟი და თვალთვალი; ადამიანთა სამართლებრივი დევნა იმის მიხედვით, მოსწონს თუ არა ესა თუ ის მოქალაქე მმართველ პარტიას; კრიტიკული აზრისთვის ღალატის შერქმევა და კონკურენტების მოღალატეებად გამოცხადება; მტრებთან დუმილი, ხოლო მეგობრებისათვის ზურგის შექცევა და მათი დაცინვა. ეს არის ის ნამდვილი გამოწვევა, რაც ჩვენი  მოსაგვარებელია და რაზეც სამართლიანად  მიგვითითებენ ჩვენი ქვეყნის ჭეშმარიტი გულშემატკივრები ახლაც, ისე როგორც ამას წარსულში აკეთებდნენ.
  • სწორედ ეს პრობლემები განაპირობებს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ და ამის შედეგად ეკონომიკურ და სოციალურ კრიზისსა და ქრონიკულ სიღარიბეს. უნდა გავიაზროთ, რომ სიღარიბესა და გაჭირვებას არაეფექტური და უსამართლო მმართველობა იწვევს და არა ვინმეს მხრიდან გამოთქმული კრიტიკა. სწორედ ამ პრობლემების მოგვარებისკენ მოგვიწოდებს ევროკავშირი და ისინი არ გაქრება, იმის მიუხედავად, თუ რა საბოლოო პოზიციას დაიკავებს ეს გაერთიანება საქართველოს კანდიდატობის სტატუსთან მიმართებაში. მეტიც, ევროკავშირთან ინტეგრაციის და მასთან თანამშრომლობის გარეშე, ისინი კიდევ უფრო გამწვავდება და მარტო დარჩენილებს მათი მოგვარება კიდევ უფრო გაგვიჭირდება.
  • ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული დაუსაბუთებელი კრიტიკის რეალური საფუძველი კი ისაა, რომ ძალაუფლება, რომელიც სინამდვილეში ხალხს უნდა ეკუთვნოდეს და მას ემსახურებოდეს – დაბალანსებული მმართველობის, კარგი არჩევნებისა და მიუკერძოებელი სასამართლოს საშუალებით — მუდმივად დარჩეს რამდენიმე ადამიანის ხელში და სწორედ მათ ინტერესებს ემსახუროს, მათივე ძალაუფლებისა და სიმდიდრის შესანარჩუნებლად და გასაზრდელად.
  • ამ პოლიტიკის ავტორების მთავარი ფასეულობა, სინამდვილეში არა საქართველოს ტრადიციები, მისი ოჯახების სიძლიერე და ქვეყნის მომავალზე ზრუნვა, არამედ ლიდერის უპირობო მორჩილების გზით საკუთარი კეთილდღეობის უზრუნველყოფა და ძალაუფლების უზურპაციაა. ბევრი მათგანისთვის, სამწუხაროდ, სწორედ ეს წარმოადგენს სახელმძღვანელო პრინციპს და ძალაუფლების შენარჩუნებისთვის მზად არიან უყოყმანოდ გასწირონ ქვეყნის ისტორიულ და კონსტიტუციური არჩევანი.
  • საქართველო არ ეკუთვნის რომელიმე მთავრობას, პარტიას ან ლიდერს. საქართველო მისი მოქალაქეების დემოკრატიული, თავისუფალი გაერთიანებაა, რომელთაც საკუთარი, ევროპული არჩევანი შესაბამისი რეფერენდუმითა და საკონსტიტუციო ჩანაწერით განამტკიცეს სწორედ იმიტომ, რომ ჩვენთვის ძვირფასია ღირსება, თავისუფლება და დამოუკიდებლობა, რომლის რეალიზება მხოლოდ ასეთ პრინციპებზე შექმნილ გაერთიანებაშია შესაძლებელი.
  • საქართველოს ევროპული ფორუმი, როგორც დემოკრატიისა და თავისუფლების დასაცავად შექმნილი ღია გაერთიანება, გააგრძელებს მუშაობას ამ ისტორიული არჩევანის განხორციელების უზრუნველსაყოფად.

საქართველოს ევროპული ფორუმი არის ორგანიზაციათა და მოქალაქეთა კოორდინაციისა და თანამშრომლობის პლატფორმა რომლის მიზანია დემოკრატიული ფასეულობებისა და ევროატლანტიკური კურსის დაცვა ქვეყანაშიდღეისათვის მასში 180 წევრია გაერთიანებული.

დამატებითი ინფორმაციისთვის: https://eecmd.org/ka/european-forum-of-georgia/

დაკავშირებული სტატიები

www.metalab.ge

ანალიტიკური ცენტრი

TOP.GE

მოიწონე გვერდი

ბოლო სიახლეები

© metalab.ge –  საიტი შექმნილია  IWPR – ის მხარდაჭერით.