პოლიტიკა ევროპის საბჭოს სამიტზე “რუსული კანონის” საფრთხეებზე ვისაუბრეთ – უჩა ნანუაშვილი

ევროპის საბჭოს სამიტზე “რუსული კანონის” საფრთხეებზე ვისაუბრეთ – უჩა ნანუაშვილი

metalab.ge

დასრულდა ევროპის საბჭოს სამიტი ჰააგაში, რომელსაც ქართული დელეგაციაც ესწრებოდა. სამოქალაქო საზოგადოებამ არსებულ გამოწვევებზე, ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობასა და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრა. ქართული სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა კი ყურადღება გაამახვილეს რუსეთის აგრესიის შედეგად, ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე და მოსალოდნელ საფრთხეებზე. ერთ-ერთი მომხსენებლი საქართველოდან, ყოფილი სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი იყო. მან სხვადასხვა ქვეყნის 150-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს, ომით დაზარალებული ხალხის მდგომარეობა გააცნო და ყურადღება გაამახვილა საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ ე.წ. “აგენტების კანონზე” მოსალოდნელ საფრთხეებთან ერთად.

“მნიშვნელოვანი იყო სამიტზე დამსწრე ორგანიზაციების წარმომადგენელთა ინფორმირება საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ. ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, პარლამენტის მიერ “უცხოეთის გავლენის აგენტების” შესახებ კანონპროექტის განხილვა. სამიტი დაემთხვა ზუსტად ამ კანონის ინიცირებას და პრაქტიკულად სხვა მნიშვნელოვანი საკითხები გადაფარა. ბევრს აინტერესებდა კონტექსტი, კანონის შინაარსი და ის რისკები, რასაც გამოიწვევს კანონის ამოქმედება. როგორც სამიტის მიმდინარეობისას, ასევე ინდივიდუალურად საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ და ვთხოვეთ მხარდაჭერა. ნამდვილად ერთსულოვანი იყო ეს მხარდაჭერა და ამ პროცესს გავაგრძელებთ. მხოლოდ განცხადებით, რომელსაც ევროპული ორგანიზაციები უჭერენ მხარს, არ შემოიფარგლება ეს პროცესი და კამპანია გაგრძელდება იმისთვის, რომ ყველა მნიშვნელოვანი ორგანიზაცია და დიპლომატიური წარმომადგენლობა იყოს უკეთ ინფორმირებული საქართველოში რუსული კანონის მიღების შესახებ. საჯარო განცხადებებიც და არასაჯარო დიპლომატიური ნაბიჯებიც იქნება გადადგმული იმისთვის, რომ კანონი არ ამოქმედდეს. კანონი პრაქტიკულად დევნის საქართველოს მოქალაქეებს და ევროინტეგრაციის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს და ქვეყანა სწრაფი ნაბიჯებით იზოლაციისკენ და რუსული ორბიტისკენ მიჰყავს საბოლოოდ. ათეულობით ორგანიზაცია, რომლებიც ადამიანის უფლებების საკითხებზე მუშაობენ, მზადაა ამ საკითხთან დაკავშირებით მხარდაჭერის გაგრძელებაზე და რესურსების მობილიზაციაზე იმისთვის, რომ ადვოკატირებას რეალური შედეგი და საქართველოს განვითარების შესაძლებლობა ჰქონდეს”, – აღნიშნა უჩა ნანუაშვილმა.

დაკავშირებული სტატიები

www.metalab.ge

ანალიტიკური ცენტრი

TOP.GE

მოიწონე გვერდი

ბოლო სიახლეები

© metalab.ge –  საიტი შექმნილია  IWPR – ის მხარდაჭერით.