საქართველოში გავრცელებული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის შედეგად, მოქალაქეთა გარკვეული ნაწილი “მშვიდობის შენარჩუნებას” მმართველი გუნდის დამსახურებად მიიჩნევს. კრემლის მიერ მართული ჯგუფები ამ ნარატივის ფართო აუდიტორიამდე მიტანას, დასავლეთისა და კონკრეტულად ევროკავშირის სიკეთეების უგულებელყოფით და ყალბი ამბების ტირაჟირებით ცდილობენ.
რეალურად კი საომარი მოქმედებების განახლების თავიდან აცილების უზრუნველყოფისთვის უდიდესი რესურსი საქართველოში სწორედ დასავლეთის ქვეყნებმა ჩადეს.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, განსაკუთრებული წვლილი ამ პროცესში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მიუძღვის. რომელიც ქვეყანაში ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო და ნორმალური საცხოვრებელი პირობების აღდგენის ხელშეწყობისთვის, ნდობის აღდგენისა და რეგიონის შესახებ ევროკავშირის ინფორმირებისთვის მუშაობს.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ კი დასავლეთს პრორუსი აქტივისტები საქართველოში ე.წ “მეორე ფრონტის” გახსნის მცდელობაში ადანაშაულებდნენ; იმისთვის, რომ მოქალაქეებში დაძაბულობა, გაურკევლობა და შიში დაეთესათ.

სინამდვილეში, საქართველოში მშვიდობის შენარჩუნების და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადამიანების დახმარებისთვის ევროკავშირმა 2008 წლიდან დღემდე, 237 მლნ ევრო დახარჯა. ევროკავშირის მონიტორები აღნიშნული მისიის ფარგლებში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, დღისა და ღამის განმავლობაში პატრულირებენ . ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ჩართულია განსხვავებული სამოქალაქო, პოლიტიკური და სამხედრო წარმომადგენლობის 220 დამკივრვებელი, ევროკავშირის წევრი 25 ქვეყნიდან.
სადამკვირვებლო მისიას აქვს ასევე ნდობის აღდგენის ფონდი, რომელიც აფინანსებს ისეთ მცირე პროექტებს, რომლებიც მიზნად ისახავს დიალოგისა და ურთიერთგაგების წარმოქმნას მოსახლეობას შორის.
საომარი მოქმედებების განახლების თავიდან აცილების მიზნით, მისია აგროვებს და აანალიზებს ინფორმაციას, კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხების ინციდენტებისა და საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ.
შესაბამისად, კრემლის პროპაგანდისტები მაქსიმალურად ცდილობენ ამ სახის ინფორმციაზე საზოგადოებას ნაკლები ხელმისაწვდომობა ჰქონდეს და მუდმივი გაურკვევლობისა თუ იმედგაცრუების ფონზე ცხოვრობდეს. ასეთი გარემო კი პრორუსულ ძალებს საქართველოში განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ, გავლენების გაზრდისთვის სჭირდებათ.
მასალა მომზადებულია ForSet – თან პარტნიორობის ფარგლებში და მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია “ქართული მედია ჯგუფი”