საზოგადოება დეზინფორმაცის გავლენები და მედიის როლი ომის გაშუქებისას – GMG-ს პროექტი დისკუსიით დასრულდა

დეზინფორმაცის გავლენები და მედიის როლი ომის გაშუქებისას – GMG-ს პროექტი დისკუსიით დასრულდა

metalab.ge

“საინფორმაციო ლაბორატორია სიყალბის მიღმა“ – ასე ჰქვია “ქართული მედია ჯგუფის“ პროექტს, რომელიც 4 თვის განმავლობაში, IWPR-ის მხარდაჭერით ხორციელდებოდა. პროექტის ფარგლებში შეიქმნა ვებგვერდი metalab.ge, რომლის მიზანს, ოკუპირებულ რეგიონებში გავრცელებული ყალბი ამბების მხილება და საპასუხოდ, არგუმენტებით გამყარებული, რეალური ინფორმაციის გავრცელება წარმოადგენდა. პროექტის ფარგლებში 5 ნამუშევარი მომზადდა, რომელიც ყველაზე აქტუალური დეზინფორმაციების განხილვას დაეთმო.

განხორციელებული აქტივობები პროექტის ხელმძღვანელმა, დასკვნით ონლაინ შეხვედრაზე შეაჯამა.

ნინო ჩიბჩიური, პროექტის ხელმძღვანელი

აღნიშნული პროექტი ნორვეგიის მთავრობის მიერ მხარდაჭერილ იმ პროგრამის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც ორ განზომილებას მოიცავს. ცენტრალური აზიის და ევროკავშირის აღმოსავლეთპარნიორობის ქვეყნების მიმართულებით. ამ უკანასკნელის განმახორციელებელი ორგანიზაცია IWPR-ია (იხ. საიტი iwpr.net). ანალოგიური კომპონენტი, ომის მიუხედავად, დღემდე მუშაობს უკრაინაში და ასევე მოლდოვაში. პროგრამის შესახებ IWPR-ის წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში, ბექა ბაჯელიძემ ონლაინდისკუსიაზე ისაუბრა, რომელიც დეზინფორმაციის გავლენებს და მისი შედეგების განხილვას შეეხებოდა.

ბექა ბაჯელიძე, IWPR-ის წარმომადგენელი

დისკუსიას 4 მომხსენებელი ჰყავდა. ერთ-ერთი მათგანი ჟურნალისტიკის რესურსცენტრის თავმჯდომარე, ნათია კუპრაშვილი იყო. მისი გამოსვლა მედიის მიერ კონფლიქტების გაშუქებას ეხებოდა, რომლისგანაც აუდიტორია სიმართლის გაგებას ელოდება. მედიაექსპერტის თქმით, ომის ფონზე ხშირად ჟურნალისტებს ბალანსის და ობიექტურობის შენარჩუნება უჭირთ, რაც მედიასაშუალების მხრიდან განსაკუთრებით საყურადღებოა ყველა სიტუაციაში.

ნათია კუპრაშვილი, ჟურნალისტიკის რესურსცენტრის თავმჯდომარე

დეზინფორმაციის გამავრცელებელი ჯგუფების მომრავლებაზე ისაუბრა “რონდელის ფონდის“ მკვლევარმა, გიორგი ბილანიშვილმა.  მისი დაკვირვებით, დღეს ძირითად ნაციონალურ მედიებში პოლარიზება აშკარად შესამჩნევია, რომელთა პროდუქტი ხშირად, მიზანმიმართულად თუ გაუაზრებლად, რუსეთის ხელისუფლების პროპაგანდისტულ ელემენტებს შეიცავს.

გიორგი ბილანიშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი

კრემლის მესიჯების გავრცელება ონლაინსივრცეში განსაკუთრებით საფრთხილო და სერიოზული რისკების შემცველია. ასე ფიქრობს  ციფრული უსაფრთხოების ანალიტიკოსი დღეს არსებული ვითარების გაანალიზებისას. თამარ კიკაჩეიშვილი ფიქრობს, რომ ნებისმიერი სახის ინფორმაციის გავრცლებისას, განსაკუთრებით კონფლიქტურ სიტუაციებში, აუდიტორიას მეტი პასუხისმგებლობა მართებს, რადგან გაუზარებლად თავად არ აღმოჩნდეს ამა თუ იმ ყალბი ამბის გამავრცელებელი.

თამარ კიკაჩეიშვილი, მედიისა და ციფრული უსაფრთხოების ანალიტიკოსი

შეხვედრის მეოთხე გამომსვლელი ფსიქოლოგიის დოქტორი, ალექსანდრე რუსეცკი იყო. მისი აზრით,  ამა თუ იმ საკითხის განხილვისას ტერმინოლოგიაზე ყურადღების გამახვილებაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. მისი თქმით, ხშირად საქართველოში აქტივისტები თუ ჟურნალისტები საუბრისას, ერთის მხრივ საერთაშორისო ნორმებს არღვევევენ, მეორეს მხრივ ხელს უწყობენ სერიოზული საფრთხეების წარმოქმნას.

ალექსანდრე რუსეცკი, ფსიქოლოგიის დოქტორი

დეზინფორმაციისა და რუსეთის ფედერაციის პროპაგანდის შედეგებზე მსჯელობას, ონლაინსივრცეში საათზე მეტი დრო დაეთმო, რასაც დისკუსია მოჰყვა. შეხვედრას 25 მონაწილე ესწრებოდა, რომელთა შორის იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, შიდა ქართლის რეგიონში მოქმედი ჟურნალისტები და საოკუპციო ხაზთან მცხოვრები მოქალაქეები. შეხვედრის მონაწილეებმა დასკვნით ნაწილში უკრაინაში განვითარებული მოვლენებიც მიმოიხილეს და საინფორმაციო ომში, მედიის როლსა და ყალბი ამბების დროული მხილების მნიშვნელობაზე იმსჯელეს.

დასასრულს, “ქართული მედია ჯგუფის“ წევრებმა აღნიშნეს, რომ დეზინფორმაციის წინააღმდეგ მუშაობას ისევ აქტიურად გააგრძელებენ. ოკუპირებულ რეგიონებში, საოკუპაციო რეჟიმის მიერ გავრცელებულ ყალბ ამბებზე თვალს არ დახუჭავენ და საზოგადოებას ფაქტებით გამყარებულ რეალურ ინფორმაციას, ოპერატიულად მიაწვდიან.

დაკავშირებული სტატიები

www.metalab.ge

ანალიტიკური ცენტრი

TOP.GE

მოიწონე გვერდი

ბოლო სიახლეები

© metalab.ge –  საიტი შექმნილია  IWPR – ის მხარდაჭერით.