საქართველოს NATO-სთან ინტეგრაციის საკითხზე რუსული გამოცემების მხრიდან მუდმივად ვრცელდება დეზინფორმაცია. ნატოში ინტეგრაციის მოწინააღმდეგეები ძირითადად, სპეკულირებენ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საკითხით, ეს კი რეალურად რუსეთის კონრეტულ პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება.
ამ მხრივ ერთ-ერთი აქტუალური თემა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სამხედრო წრთვნებს ეხება.
რუსულმა გამოცემამ sputnik-ossetia-მ გაავრცელა სტატია, რომლის თანახმად ნატოს წვრთნები საქართველოში დაძაბულობის გაზრდისკენაა მიმართული და ის ხელს შეუწყობს საქართველოს რევანშისტული ძალების გაძლიერებას. გამოცემა ინფორმაციას ე.წ. ექსპერტის, იური ვაზაგოვის შეფასებებზე დაყრდნობით ავრცელებს და განმარტავს, რომ აღნიშნულ ლოკაციებზე ისედაც მწვავე სიტუაციას ეს სამხედრო სწავლებები უფრო ართულებს.
”ეს წვრთნები უდავოდ გაზრდის დაძაბულობას და ხელს შეუწყობს საქართველოს რევანშისტული ძალების გაძლიერებას კიდევ უფრო აგრესიულად და აქტიურად მოქმედებდნენ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საზღვრებთან ”, – წერს გამოცემა.
რუსული გამოცემის მიერ გავრცელებული აღნიშნული ინფორმაცია რომ არ შეესაბამება სინამდვილეს, არაერთი ფაქტი მიუთითებს.
საერთაშორისო ვალდებულებები:
რუსული გამოცემის მიერ საქართველოს დადანაშაულება გამყოფ ხაზთან სიტუაციის დაძაბვის მცდელობაში უსაფუძლოა, რადგან ევროკავშირთან 2009 წელს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში საქართველო ვერ მოახდენს ესკალაციისათვის საკმარისი პოტენციალის მქონე ძალის მობილიზებას, რათა სამხედრო გზით დაუპირისპირდეს ადმინისტრაციულ საზღვარს. ამ შეთანხმებას სადამვკრვებლო მისია ადასტურებს.
“მოცემული ურთიერთგაგების მემორანდუმი ადმინისტრაციულ საზღვართან მდგომარეობის სტაბილიზაციას დაეხმარება. მემორანდუმი ხელს უწყობს ექვს-პუნქტიანი შეთანხმების პირველი პუნქტის შესრულებას, რომელიც ძალის გამოყენებაზე უარის თქმას მოითხოვს. ის ასევე აძლიერებს სტაბილიზაციისაკენ მიმართულ იმ ძალისხმევას, რომელსაც ევროკავშირის სადამკვირევებლო მისია მისი მანდატის ფარგლებში საქართველოში ახორციელებს“, – წერია ევროკავშირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ძალის გამოუყენებლობაზე უარს საქართველო 2008 წლის აგვისტოში ევროკავშირის შუამავლობის საფუძველზე მომზადებულ გეგმაზე ხელისმოწერითაც ამბობს. 6 პუნქტიანი დოკუმენტის თანახმად საქართველომ საბოლოოდ თქვა უარი საბრძოლო ქმედებებზე.მე-5 პუნქტი კი რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ავალებულებს დაბრუნდნენ სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე, 2008 წლის 7 აგვისტომდე არსებულ ხაზზე. რაც ხელმოწერიდან 13 წლის შემდეგაც არ სრულდება და მის შესრულებას მსოფლიო ლიდერები რუსეთს სხვადასხვა ტრიბუნიდან მუდმივად ახსენებენ.
გარდა ამისა, ქვეყნის პირველი პირები სხვადასხვა დონის შეხვედრებში მუდმივად ღიად აფიქსირებენ პოზიციას ქვეყნის სუვერენიტეტის აღდგენის შესახებ, რომ საქართველო ტერიტორიების დაბრუნებას ძალისმიერი მეთოდების გამოყენებით არ აპირებს.
სამშვიდობო შეთანხმების დარღვევას და სიტუაციის დაძაბვას არა საქართველო, არამედ რუსეთი ახდენს. უფრო მეტიც, ქართულ სოფლებში, გამყოფი ხაზის სიახლოვეს, მუდმივად ესმით ოკუპირებული ტერიტორიიდან სროლების და აფეთქებების ხმა, რასაც საოკუპაციო ძალები სამხედრო სწავლებებით ხსნიან.
გარდა აღნიშნულისა, 2008 წლიდან დღემდე სიტუაციის დაძაბვისა და დესტაბილიზაციის მიზნით, პროვოკაციის მცდელობას ინტენსიურად აქვს ადგილი სწორედ რუსეთის ჯარისკაცების მხრიდან, როგორც აფხაზეთში ისე ცხინვალის რეგიონის მიმართულებით.
დაკავებები და ბორდერიზაცია:
სახელმწიფო უსაფრთხების ინფორმაციით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საერთო ფართობი 8 700 კვ. კილომეტრია, ხოლო ცხინვალის რეგიონის ოკუპირებული ტერიტორიის ფართობი – 3 800 კვ. კილომეტრია. ცხინვალის რეგიონის მიმართულებით, საოკუპაციო ხაზის საერთო სიგრძე უკვე 353 კმ-ზე მეტს შეადგენს.
ჯამში კი, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაახლოებით 53 კმ-ზე მეტი სიგრძის მავთულხლართები და ღობეებია გავლებული. ეს პროცესი არც პანდემიის დროს შეჩერებულა და გრძელდება დღესაც.
ხელოვნური ბარიერი დუშეთის, გორის, ქარელის, კასპის, ხაშურის, ონის და საჩხერის მუნიციპალიტეტების სოფლების გასწვრივ არის გავლებული. ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესი ოკუპირებული გალის რაიონის სოფლების ფიჩორის, ოტობაიას, ნაბაკევის, თაგილონის, დიხაზურგის, საბერიოს და ლეკუხონას მიმდებარე ტერიტორიაზე ფიქსირდება.
მთლიანობაში, საქართველოს ტერიტორიაზე, საოკუპაციო ხაზის საერთო სიგრძე 500 კმ-ზე მეტია. 100 კმ-ზე მეტ სიგრძეზე კი ხელოვნური ბარიერები, ღობეები, მავთულხლართები და ტრანშეები უკანონოდაა მოწყობილი.
რაც შეეხება დაპატიმრების ფაქტებს, გამყოფი ზოლის მიმდებარე ტერიტორიებზე მოქალაქეების დაკავების შემთხვევები, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაიწყო. 2009 წლის 1 იანვრამდე ამ ბრალდებით 5 ადამიანი დააკავეს. უკანონო დაკავებების ფაქტები შემდეგ წლებში კიდევ უფრო გახშირდა, 2013 წლიდან კი სისტემატური ხასიათი მიიღო.
კონფლიქტის ზონაში დაკავებების სტატისტიკა 2013-2021 (ოქტომბერი) წლებში:
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 2008-2018 წლებში დაკავებულთა რიცხვი ჯამში, 3044 -ს აღწევდა, თუ ამ რაოდენობას ბოლო წლების მონაცემებსაც დავამატებთ გამოდის, რომ 2008 წლის ომიდან ამ დრომდე, უკუპირებული რეგიონების ციხეებში დაკავების 3 273 შემთხვევას ჰქონდა ადგილი.
ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დაკავებულებს პირველ და განმეორებითი შემთხვევის დროს, ჯარიმის გადახდის სანაცვლოდ ათავისუფლებენ, მესამედ დაკავების შემთხვევა კი ხშირად ცხინვალისა და აფხაზეთის საპატიმროებში თავისუფლების რამდენიმეთვიანი ან წლიანი აღკვეთით სრულდება.
2018 წლიდან, დე ფაქტო მთავრობებმა ჯარიმის თანხა 2000 – დან 5000 რუსულ რუბლამდე გაზარდეს. რაც იმას ნიშნავს, რომ 2018 წლის შემდეგ, ჯარიმის სახით, ოკუპირებული რეგიონების ბიუჯეტში შესული თანხა 231 350 ლარიდან მინიმუმ 277 150 ლარამდე (1 145 000 რუსულ რუბლამდე) გაიზარდა.
უკანონოდ დაკავებების პარალელურად, საოკუპაციო ძალების ქმედებებმა იმსხვერპლა საქართველოს მოქალაქეები, არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას სიცოცხლე. საოკუპაციო ძალების მხრიდან საქართველოს მოქალაქეთა უფლებების დარღვევის გახშირებულ ფაქტებზე არაერთი ანგარიში მომზადდა. ამის შესახებ რეზოლუცია საქართველოს პარლამეტმაც მიიღო.
ბოლო პერიოდში კი გახშირდა საოკუპაციო ძალების ღიად გადაადგილება ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სადაც გარკვეულ ინციდენტებს და პროვოკაციებს აწყობენ. მაგალითად მიმდინარე წლის მარტში, სოფელ ხურცალეთში შსს-მ საოკუპაციო ძალების 2 წარმომადგენელი დააკავა, განაიარაღა და უკან გაუშვა. მსგავსი ინციდენტი მოხდა მაისში, სოფელ დიცთან, სადაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა პირმა ოკუპირებული ტერიტორიიდან რუსი სამხედროების მიერ გავლებული ღობეები მანქანით გაარღვია, რომელსაც საოკუპაციო ძალებმა უკან გაბრუნებისას ცეცხლი გაუხსნეს.
ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტები ნათლად მეტყველებს იმაზე,რომ პროვოკაციების მოწყობასა და გამყოფ ხაზთან სიტუაციის დაძაბვის მცდელობებში არა ქართული მხარე, არამედ საოკუპაციო ძალები მონაწილეობენ.
NATO-ს წრთვნები და საქართველო ოკუპირებული რეგიონებით
ნატო-საქართველოს ურთიერთობების ფარგლებში მსგავსი სწავლებები არაერთხელ გაიმართა და არცერთ შემთხვევაში ამ მიმართულებით საქართველოს მიერ, საერთაშორისო შეთანხმებებით აღებული ვალდებულებები არ დარღვეულა. მისი მხრიდან ამ დრომდე ადგილი არ ჰქონია აქცია-დესტაბილიზაციის მცდელობას, მითუმეტეს, რომ ნატოს წვრთნები არანაირად არ უკავშირდება საოკუპაციო ხაზთან სიტუაციის დაძაბვის და დესტაბილიზაციის მცდელობის საკითხს.
ოფიციალური ინფორმაციით, წვრთნების მთავარი მიზანს წარმოადგენს ნატოს მოკავშირეებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლება, სპეციალური ოპერაციების ძალების შესაძლებლობების გაუმჯობესება, საფრთხეებთან გასამკლავებლად, ასევე „ჩვეულებრივ შეიარაღებულ ძალებთან“ ინტეგრაციის ხელშეწყობა.
ეს ყველაფერი კი რუსეთის ინტერესებს ეწინააღმდეგება და როგორც სამხედრო ექსპერტები აცხადებენ, მუდმივი დაძაბულობის დასანერგად, ოკუპანტი ქვეყანა ყველა ნაცად ყველა ხერხს იყენებს.
ამ ფონზე ქვეყნის უკანონო ბორდერიზაციის და მშვიდობიანი მოქალაქეების დაკავებების პარალელურად , ოკუპირებულ რეგიონებში საოკუპაციო ძალები სამხედრო ინფრასტრუქტურის მოწყობასაც აგრძელებენ. მხოლოდ ოკუპირებულ ცხინვალში რუსეთს უკვე 45 სამხედრო ბაზა აქვს.