ყალბი ამბები დეზინფორმაცია: ECHR-ს არ დაუდგენია რუსეთის მიერ მოსახლეობის უფლებების დარღვევის არცერთი შემთხვევა საქართველოში

დეზინფორმაცია: ECHR-ს არ დაუდგენია რუსეთის მიერ მოსახლეობის უფლებების დარღვევის არცერთი შემთხვევა საქართველოში

metalab.ge

რუსეთის ფედერაციის მიერ მართული მედიები ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს  2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს საქართველოში, რუსეთის მიერ, მშვიდობიანი მოსახლეობის უფლებების დარღვევასა და მათი სიცოცხლის ხელყოფის, წამების და მათ მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტები არ დასტურდება. უფრო მეტიც, ოკუპირებულ ტერიტორიაზე გავრცელებული ინიფორმაციის თანახმად, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს (ECHR) არ დაუდგენია 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს რუსი სამხედრო მოსამსახურეების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის უფლებების დარღვევის არც ერთი შემთხვევა.

ერთ-ერთი ასეთი დეზონფორმაციის გამავრცელებელი მედია, რუსეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილის კომენტარზე დაყრდნობით შემდეგს  წერს:

” ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთს არ შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციით იმ ინციდენტებისთვის, რომლებიც მოხდა რუსი სამხედრო მოსამსახურეების მიერ ქართული არმიის მიერ სამშვიდობო ძალებზე თავდასხმის მოგერიებისას“.

აღნიშნული ინფორმაცია, რომ ყალბია, ეს არაერთი ოფიციალური დოკუმენტით დასტურდება. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე ახალი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის, კარიმ ხანის მიერ, საქართველოს საქმეზე დაპატიმრების ორდერების გაცემაა.

კონკრეტულად კი, საერთაშორისო უწყებამ გამოიკვლია მტკიცებულებები, რომლებიც დაკავშირებულია შეიარაღებული კონფლიქტის ყველა მხარის მიერ, 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებებთან.

დოკუმენტებში ნათქვამია, რომ 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს “სამხრეთ ოსეთში” მცხოვრები ქართველი მშვიდობიანი მოსახლეობის უმრავლესობა საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გაიქცა. ამ ზონებიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების გაძევებისთანავე კი რუსულმა ჯარებმა დაიწყეს ქართველი მშვიდობიანი მოქალაქეების, ძირითადად მოხუცებისა და ავადმყოფების დატყვევება, რომლებსაც არ შეეძლოთ ან არ სურდათ დაეტოვებინათ სახლები. მტკიცებულებები აჩვენებს, რომ ამ ადამიანების უმეტესობა უკანონოდ იყო დაკავებული ანტისანიტარიულ და სახიფათო პირობებში, რომლებსაც შეურაცხყოფა მიაყენეს, სცემეს, აწამეს და ამცირებდნენ.

“ჩემი განცხადება დაკავების ორდერებზე კონკრეტულად ეხება უკანონო პატიმრობას, არასათანადო მოპყრობას, მძევლების აყვანას და შემდგომში ეთნიკურად ქართველი მშვიდობიანი მოქალაქეების უკანონო გადაყვანას რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. გამოძიებამ ასევე გამოავლინა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორის ვიაჩესლავ ბორისოვის (აწ გარდაცვლილი)  სავარაუდო როლი ამ პროცესებში და კონკრეტულად  საჰაერო-სადესანტო ძალებით  განზრახ წვლილის შეიტანაში ზოგიერთი ამ დანაშაულის აღსრულებაში“,-წერს ტვიტერზე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის კარიმ ხანი.

2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში საქართველომ, რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, როგორც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ისე – ჰააგაში, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში.

საპასუხოდ, 2009 წლის ბოლოს რუსეთმა, ICJ-ში შეიტანა ორი შუამდგომლობა, პირველის თანახმად, რუსეთი არ წარმოადგენდა მხარეს ამ საქმეში; მეორე, საქართველომ დაარღვია CERD-ის 22-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურა და სარჩელის შეტანამდე მოპასუხე მხარესთან მოლაპარაკების ეტაპი გაუვლია. 

სასამართლომ არ გაიზიარა პირველი შუამდგომლობა და მიიჩნია რომ რუსეთი რეალურად იყო ეთნიკურ წმენდასთან დაკავშირებით დავის მხარე, თუმცა ამის დოკუმენტურად დადასტურება შესაძლებელი იქნებოდა 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდიდან და არა – მანამდე.

 სასამართლომ გაიზიარა რუსეთის მეორე არგუმენტი და 2011 წლის 1-ელ აპრილს უარი თქვა საქმის არსებით განხილვაზე იმ საფუძვლით, რომ საქართველოს არ ამოუწურავს CERD-ის კონვენციით გათვალისწინებული მოლაპარაკებების მექანიზმი.

2021 წლის 21 იანვარს კი სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის მიერ გამოცხადებული გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს სახელმწიფომ რუსეთის ფედერაციას 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული საქმე მოუგო.

კონკრეტულად კი სასამართლომ დააკმაყოფილა ქართული მხარის სახელმწიფოთშორის საჩივარში ჩამოთვლილი ყველა ძირითადი მოთხოვნა.

CERD  – მა დააგინა ასევე საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ, ცხინვალის რეგიონსა და “ბუფერულ ზონაში“ მდებარე ქართულ სოფლებში სახლების სისტემური დაწვისა და ძარცვის, ასევე, ეთნიკურად ქართველების სიცოცხლის ხელყოფის, წამების და მათ მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის “ადმინისტრაციული პრაქტიკის“ არსებობა.

გარდა არაერთი დოკუმენტისა (მათ შორის, ადგილობრივი და  საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშები), სადაც დადასტურებულია რუსეთის პასუხისმგებლობა  2008 წლის აგვისტოს ომისა და ოკუპაციის შემდგომ პერიოდში საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და ადამიანის უფლებების დარღვევებში, ამის შესახებ გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოქალაქეებიც საუბრობენ და ამის დასტურად არაერთ ისტორიას იხსენებენ.

რუსეთის საჯარისო ნაწილების მხრიდან მშვიდობიანი მოქალაქეების უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის ფაქტები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება. უდანაშაულო მოსახლეობას რუსეთის ჯარისკაცები ხშირად საკუთარ ეზოებში აკავებენ  და მავთულხლართებით უღობავენ ერთადერთი შემოსავლის წყაროს – მიწის ფართობებს, რომლებსაც მთელი წლის განმავლობაში სიცოცხლისრისკის ფასად, ოკუპაციის პირობებში ამუშავებენ.

შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის მიერ მართული მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია ყალბია.  

დაკავშირებული სტატიები

www.metalab.ge

ანალიტიკური ცენტრი

TOP.GE

მოიწონე გვერდი

ბოლო სიახლეები

© metalab.ge –  საიტი შექმნილია  IWPR – ის მხარდაჭერით.