ცხინვალიდან ქართულ კლინიკებში სამკურნალოდ გადმოსული პაციენტების რაოდენობა ბოლო წლებში შემცირდა. დარგის სპეციალისტები კლების დინამიკას ერთის მხრივ პანდემიას უკავშირებენ, მეორეს მხირვ კი იმ დეზინფორმაციას, რაც ცხინვალში ე.წ. ხელისუფლებისგან მასიურად ვრცელდება.
კონკრეტულად, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ანატოლი ბიბილოვის ხელმძღვანელობით, სისტემატურად ცდილობენ გავლენის მოხდენას ოს პაციენტებსა და მათ ახლობლებზე, რომლებსაც თბილისის კლინიკებში მკურნალობის სურვილი აქვთ.
საქართველოს ხელისუფლებამ “რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამა” 2010 წელს დაამტკიცა, რის საფუძველზეც ცხინვალსა და აფხაზეთში მცხოვრებ მოქალაქეებს უფასო სამედიცინო მომსახურებით სარგებლობის უფლება მიეცათ.
ცხინვალელმა პაციენტებმა ამ სერვისით სარგებლობა 2011 წლიდან დაიწყეს. სამხრეთ-ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროიდან მოყოლებული ცხინვალიდან ქართულ კლინიკებს ჯამში 3827-მა პაციენტმა მიმართა.
როგორც გრაფიკიდან ჩანს, მიმართვიანობის კლება 2017 წლიდან შეინიშნება. პანდემიის დროს კი ეს რიცხვი 2011 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულს მიუახლოვდა. სამხრეთ-ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის წარმომადგენელი, თამაზ ბესტაევი თვლის, რომ ეს სურათი ცხინვალში 2016 წელს, ქართულ კლინიკებში მკურანლობის მსურველი მოქალაქეების რაოდენობის გაზრდას მოჰყვა, რა დროიდანაც ოკუპირებულ რეგიონში ამ თემაზე მასიური დეზინფორმაციის კამპანია დაიწყო.
“ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ცხინვალელებს თავისივე ე.წ. ხელისუფლება აშინებდა, თითქოს ქართულ მხარეს ყურადღებას არავინ მიაქცევდა, თითქოს ქართლ კლინიკებში ოს პაციენტებს ორგანოებს აჭრიან, დასცინიან, არაადამიანურად ეპყრობიან და ა.შ. მაგრამ ამ პროპაგანდამ დიდხანს ვერ გასტანა და პანდემიის პერიოდიდან ნდობა მოსახლეობაში ისევ აღდგა”,-ამბობს სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის წარმომადგენელი თამაზ ბესტაევი.
ქართულ კლინიკებში გადაყვანის მსურველთა ოჯახის წევრები ცხინვალში „წითელი ჯვრის“ ოფისს უკავშირდებიან. სწორედ ამ მომენტიდან იწყება პაციენტის თბილისში გადაყვანის ორგანიზება. მძიმე შემთხვევების დროს ტრანსპორტირებას ერგნეთამდე “წითელი ჯვარი“ ახდენს, საიდანაც პაციენტი რეანომობილით შესაბამის დაწესებულებაში გადაჰყავთ და გამოჯანმრთელების შემდეგ უკან ამავე გზით აბრუნებენ. ეს ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელსაც ცხინვალშ ოფისი აქვს.
“წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეს პროგრამა სრულიად გამჭვირვალეა, ჩვენ რეგულარულად ვაწვდით, როგორც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, ასევე გეგმიური სამედიცინო ევაკუაციების შესახებ სტატისტიკას საზოგადოებას და ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებს“, – განმარტავს “წითელი ჯვრის“ საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი, სოფიო ელიზბარაშვილი.
რა განწყობით ბრუნდებიან ოსი პაციენტები თბილისიდან ცხინვალში, ამ საკითხზე ადგილობრივი ჟურნალისტები მოსახლეობაში გამოკითხვას ხშრად ატარებენ, თუმცა ქართულ კლინიკებში რაიმე ზეწოლის შესახებ ინფორმაცია არცერთს გაუჟღერებია. მათი ნაწილი ამ საკითხზე საკუთარ შეხედულებებს სოციალურ ქსელშიც ღიად აფიქსირებს. საიდანაც ირკვევა, რომ უკან დაბრუნებულ ცხინვალელ პაციენტებზე ზეწოლის შემთხვევებს ადგილი თავად დე ფაქტო ხელისუფლებაში მყოფი მაღალჩინოსნების მხრიდან აქვს.
ქართველებსა და ოსებს შორის დამაკავშირებელმა, 10 წლის წინ დაწყებულმა სამედიცინო პროექტმა, პანდემიის პერიოდში განსაკუთრებული დატვირთვა შეიძინა და მან მიზანმიმართული პროპაგანდაც კი შეასუსტა. ამ პროგრამის საშუალებით და ექიმების ჩართულობით, 2008 წლის ომის შედეგად, დაშორებულ ადამიანებს შორის დიალოგი განახლდა და არაერთი ადამიანის სიცოცხლე გადარჩა. 2020-2021 წლებში ქართულ კლინიკებში 65 კოვიდინფიცირებული პაციენტი გადმოიყვანეს. მათგან 14-ის გადარჩენა მხოლოდ იმ მიზიეზით ვერ მოხერხდა, რომ მკურნალობის დაწყება დაგვიანებული იყო.
კორონავირუსის გავრცელების შედეგად, ცხინვალში ჰუმანიტარული კრიზისი შექიმნა, არასათანადოდ აღჭურვილი სამედიცინო დაწესებულებებისა და სამკურნალო საშუალებების სიმცირემ ადგილობრივ მოსახლეობას აღნიშნული რეფერალური პროგრამით სარგებლობის საჭიროება უფრო მეტად დაანახა. შერიგების სამინისტროს წარმომადგენელის, ზვიად ზვიადაძის ინფორმაციით, ქართული დელეგაცია ერგნეთის (IPRM)-ის შეხვედრებზე მუდმივად გამოთვამს მზაობას როგორც ცხინვალელი პაციენტების ოპერატიულად გადაყვანის, ისე მედიკამენტების მიწოდების შესახებ.
პანდემიამდე, გორში მოქმედმა ორგანიზაციამ “ქართლოსი“ დაბეჭდა წიგნი სახელწოდებით “ექიმები მშვიდობისათვის“, სადაც ქართველი და ოსი ექიმები, ასევე პაციენტები, (მათ შორის ცხინვალელები), ერთმანეთთან დაკავშირებულ ისტორიებს იხსენებენ. 30-მდე ისტორიაში, რომელიც 3 ენაზე (ქართული, ინგლისური, რუსული) დაიბეჭდა, სამედიცინო დახმარების აღმოჩენაზე მხოლოდ მადლიერებაა ასახული და არცერთი მათგანი არ მიუთითებს რაიმე სახის ზეწოლაზე. უფრო მეტიც, საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ექიმები და პაციენტები თვლიან, რომ დღევანდელ სიტუაციაში, ჯანდაცვა ნდობის აღდგენის მიმართულებით ერთ-ერთი ძირითადი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სფეროა, რაც პანდემიის პერიოდმაც დაადასტურა.