დეზინფორმაციასთან გამკლავების მიზნით, საჯარო სკოლისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების პედაგოგების გადამზადება გრძელდება. ტრენინგები ორი თვის განმავლობაში 10 რეგიონში, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში ჩატარდება. თბილისში, მცხეთა-მთიანეთში, რაჭა-ლეჩხუმში, ზემო სვანეთში, აჭარაში, გურიაში, იმერეთში, სამეგრელო-ქვემო სვანეთში, სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლსა და შიდა ქართლში დამატებით 200 მასწავლებელი გადამზადდება.
პროექტი „დეზინფორმაცია, როგორც გამოწვევა: კრიტიკული აზროვნების განვითარება სკოლებში“ მასწავლებელთა მოთხოვნის საფუძველზე განახლდა.
პროექტი, რომლის მიზანიც დეზინფორმაციით გამოწვეული ნეგატიური გავლენის შესახებ ცნობიერების ამაღლება, მედიაწიგნიერებისა და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებაა, კომუნიკაციების კომისიამ ევროკავშირის მხარდაჭერით 2021 წელს დაიწყო. უკვე ჩატარდა 45 ინტერაქტიული ტრენინგი, გადამზადდა 700-ზე მეტი მასწავლებელი 400-ზე მეტი სკოლიდან და პროფესიული სასწავლებლიდან.
“სასწავლო პროცესს გამოცდილი ტრენერები უძღვებიან. მოსწავლეებში კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების უნარების განვითარების მიზნით, პროექტის ფარგლებში მიღებულ გამოცდილებას სერტიფიცირებული მასწავლებლები პრაქტიკაში გამოიყენებენ”,-აცხადებენ ორგანიზატორები.