ავტორი: ნინო ჩიბჩიური
რამდენიმე დღეში ქ. გორში პირველად, ელექტრონული არჩევნები ჩატარდება, თუმცა ადგილობრივი ელექტორატის უმრავლესობამ ამ სიახლის შესახებ არაფერი იცის. ცესკომ ინფორმაციის გავრცელების მიზნით, შეხვედრები მოაწყო, თუმცა დამსწრეთა უმრავლესობას აქაც საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული ადამიანები წარმოადგენდა.
ელექტრონული არჩევნების შესახებ, ცნობიერების ამაღლების მიზნით შეხვედრა საქართველოს ახალგაზრდა ასოციაციის გორის ოფისმა მოაწყო, სადაც ადგილობრივი ორგანიზაციები ხმის მიცემის პროცესში შესულ ცვლილებებს გაეცნენ. როგორც აღმოჩნდა საზოგადოება ტექნოლოგოების განვითარების კვალდაკვალ, ხელისუფლების ახალ რელსებზე გადასვლას მიესალმება, თუმცა კითხვის ნიშნები მოსალოდნელ ხარვეზებზე აქაც ჩნდება.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე გორი ერთ-ერთი “სატესტო პლაცდარმი” აღმოჩნდა, სადაც ელექტრონულ არჩევნებს დააკვირდებიან და გადაწყვეტენ დანერგავენ თუ არა ამ სიახლეს.
ერთი შეხედვით, ხელისუფლება თავს იწონებს, ინოვაციის შემოტანით, რაც თავისთავად აქამდე არსებულ სისტემას გააუმჯობესებს, თუმცა შედეგის მისაღებად, რაც ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებას უკავშირდება, არა ელექტრონული, არამედ ციფრული არჩევნების დანერგვა უფრო რელევანტური იქნებოდა.
არაერთმა ქვეყანამ, რომლებმაც გამოსცადეს ელექტრონული არჩევნები, სხვადასხვა მიზეზით, საბოლოოდ, უარი თქვეს ამ სისტემაზე. მთავარი პრობლემა მაინც არასათანადოდ უზრუნველყოფილი უსაფრთხოების ზომები აღმოჩნაა. არჩევნების მნიშვნელობიდან გამომდინარე, იზრდება რისკებიც. მაგალითად, შესაძლოა სხვადასხვა ძალა დაინტერესდეს არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენით. ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ აღნიშნული აპარატები არ არის 100% ით შეუღწევადი და შესაძლოა მისი პროგრამის გატეხვა. სწორედ ამის გამო სახელმწიფოთა უმრავლესობა თავს იკავებს ელექტრონული არჩევნების დანერგვისგან.
უსაფრთხოების გარდა, არსებობს სხვა ფაქტორებიც, რაც ამ სისტემის ნაკლად შეიძლება ჩაითვალოს. მაგალითად ხმის მიცემის აპარატების ღირებულება და მათი შენახვისთვის საჭირო მატერიალური თუ ადამიანური რესურსი. მაგალითად, ირლანდიას აღნიშნული აპარატურის შეძენა 55 მილიონი ევრომდე დაუჯდა. 7000 მანქანა, რომელიც ირლანდიის მთავრობამ საპილოტე ელექტრონული არჩევნებისთვის შეიძინა, ვერ აკმაყოფილებდა უსაფრთხოების მოთხოვნებს, გარდა ამისა, მათი შენახვა დამატებით 3 მილიონი ევრო დაჯდა, საბოლოო ჯამში კი 2009 წელს ხელისუფლებამ გააკეთა განცხადება, რომ ირლანდია უარს ამბობდა არჩევნების ელექტრონიზაციაზე, გამომდინარე მისი ხარჯებიდან და უსაფრთხოების რისკებიდან.
რას შეცლის ციფრული არჩევნები?
ელექტრონულისგან კარდინალურად განსხვავდება ციფრული არჩევნები, სადაც მონაწილეობა ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებსც შეეძლებათ. მათ შორის, უცხო ქვეყანაში ლეგალურად მაცხოვრებლებს, რომლებიც ამ დრომდე საარჩევნო უბნებთან შორი მანძილის გამო ვერ მიდიოდნენ და არალეგალებსაც, რომლებსაც ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობა მთელი რიგი მიზეზების გამო არ შეუძლიათ. ქვეყანაში არჩევნების გაციფრულება 100 ათასობით ემიგრანტის სახით, აქტივობის გაზრდასთან ერთად, გაყალბების შესაძლებლობებს გამორიცხავს, რამაც შესაძლოა მთელი პოლიტიკური ლანდშაფტი შეცვალოს.
ამისთვის, ესტონეთის მოდელი შეიძლება განვიხილოთ, სადაც ID ბარათით, ინტერნეტის საშუალებით, საქართველოს სრულწლოვან მოქალაქე არჩევნებში მონაწილეობას მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან სახლიდან გაუსვლელად შეძლებს და ზეწოლის პირობებშიც კი, ხმის მიცემის პროცესის ოფიციალურად დასრულებამდე, ამომრჩეველს უკვე გაკეთებული არჩევანის შეცვლის საშუალებას აძლევს. (ფიქსირდება ბოლოს გაკეთებული არჩევანი) სიზუსტესთან ერთად ამ მოდელის დანერგვა ნიშნავს – მეტ უსაფრთხოებას, ასევე ადამიანური რესურსის და კენჭისყრის ხარჯების დაზოგვას. მნიშვნელოვანია, რომ მომავალი წლისთვის ხელისუფლებამ თანხები ცნობიერების ამაღლების კამპანიისკენ მიმართოს და ამომრჩეველს ციფრული სისტემისთვის საჭირო უნარები განუვითაროს. დემოკრატიის განვითარება ქვეყანაში სწორედ სამართლიანი არჩევნების და ხმის მიცემისთვის თანაბარუფლებიანობის ხელშეწყობას გულისხმობს.