გორში, საბავშვო ბაღებში დასაქმებულ პირებს დეკემბრის ანაზღაურება არ მიუღიათ. მათი განმარტებით, ორი დღეა ხელფასის მოლოდინში არიან, თუმცა სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში თანხის მიღების ზუსტ დროს ვერ უსახელებენ. საბავშვო ბაღების თანამშრომლებს შექმნილ ვითარებაზე კონკრეტულ მიზეზს ვერავინ ეუბნება და მხოლოდ იმას განმარტავენ, რომ “ბუღალტს შეცდომა მოუვიდა”.
“არც დღეს დარიცხულა და როგორც გვითხრეს კუთვნილ ხელფასს არც ხვალ უნდა ველოდოთ. საახალწლოდ, ასეთ დამოკიდებულებას უბრალოდ არანაირი ახსნა არ შეიძლება ჰქონდეს. გვითხრეს, რომ ბუღალტერმა გადარიცხვებში რაღაც შეცდომა დაუშვა და ვცდილობთ გამოსწორებასო, თუმცა როდის უნდა ველოდოთ ამ თანხას, ზუსტ დროს ვერავინ გვიკონკრეტებს. მოვითხოვთ, დღესვე გადაწყვიტონ ეს საკითხი და ჯერ ისედაც მცირეანაზღაურებით მომუშავე პერსონალს საახალწლოდ მაინც ნუ მოგვექცევიან ასე“,-აცხადებენ გორის საბავშვო ბაღებში.
გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში არ უარყოფენ ხელფასების დაგვიანებას, თუმცა მიზეზად წლის ბოლოს სხვადასხვა დოკუმენტებისა და საკითხების განხილვას ასახელებენ. ხელფასების გაცემას კი თანამშრომლებს 28 დეკემბრისთვის ჰპირდებიან.
“წლის ბოლოა და გარკვეული საკითხები იყო გასავლელი, ზოგს შვებულება ჰქონდა, ზოგს ბიულეტენი. ამიტომ უნდა დაჯამებულიყო თანხები და ზუსტად გაწერილიყო ვის რამდენი ეკუთვნის. სწორედ ამ ვითარებამ გამოიწვია ხელფასების გაცემის გაჭიანურება“,-აღნიშნეს სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში.
საბავშვო ბაღებში კი ფიქრობენ, რომ ეს ეტაპები სააგენტოს აქამდე უნდა გაევლო და სადღესასწაულოდ, ანაზღაურების გაცემა, აღნიშნული მიზეზით არ უნდა დაგვიანებულიყო.