ოკუპაცია “ბოდიში შენ გაქვს მოსახდელი ქვეყნის ღალატისთვის” – დევნილების პასუხი ივანიშვილს

“ბოდიში შენ გაქვს მოსახდელი ქვეყნის ღალატისთვის” – დევნილების პასუხი ივანიშვილს

admin

ქვეყნის მოღალატე და რუსეთის მონა , პირველ რიგში ჩვენ უნდა მოგვიხადოს ბოდიში გუშინდელი სამარცხვინო სიტყვებისთვის, ვინც საკუთარი თვალით ვნახეთ 2008 წელს ის ყველაფერი” -ასე ეხმაურებიან გორში, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დევნილები. მათი შეფასებით, გორში გაჟღერებული მესიჯები ემსახურებოდა კრემლის მონობას და ქვეყნის ღალატს. იძულებით გადაადგილებული პირები ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებენ თავად მოიხადოს ბოდიში გორში გაჟღერებული მესიჯებისთვის, რამაც მათში უმძიმესი რეაქცია გამოიწვია.

“მე, ადამიანმა რომელმაც საკუთარ თავზე გამოვცადე ომის სიმძიმე და არა მარტო, იქამდე არსებული მდგომარეობა რაც ხდებოდა, ჩემს მშობლიურ მხარეში, ზნაურში და როგორი დამოკიდებულებაც ჰქონდათ ოსებს ქართველებისადმი, ვგმობ და ვემიჯბები ბიძინას კომენტარს იმის შესახებ, რომ ჩვენ ბოდიში გვაქვს მოსახდელი ეთნიკურად ოსი მოსახლეობის წინაშე. მაშინ, როდესაც ეთნიკურად ოსებმა მიითვისეს ჩვენი კუთვნილი ტერიტორია და აქეთ დაგვატოვებინეს საკუთარი სახლები, სწორედ კრემლის წაქეზებითა და მხარდაჭერით. ახლა ბ-ნი ბიძინა მარწმუნებს რომ ბოდიში მაქვს მოსახდელი ამ ხალხთან. სირცხვილია!!!!!  ფეხვეშ გაიგეს ჩვენი გმირების გაღებული სისხლი სამშობლოს გადასარჩენად. კიდევ უფრო სამარცხვინო იმ ხალხის ტაშია, ვინც ამ მოღალატეობრივ განცხადებას იწონებდა და ეთანხმებოდა, – ამბობს ზნაურის რაიონის სოფელ ხუნდისუბნიდან დევნილი ლიკა მზარეულიშვილი.

დევნილებს შეურაცხმყოფელად მიაჩნიათ “ოცნების” მიერ ოპოზიციურ პარტიასთან გაიგივება იმ ადამიანების, რომლებიც მათ იდეოლოგიას არ ეთანხმება და ფიქრობენ, რომ მმართველი გუნდი, ივანიშვილის ხელმძღვანელობით, დეზინფორმაციითა და პროპაგანდის გავრცელებით, საქართველოს ისტორიის დამახინჯებას ცდილობს.

“შეშინებული ადამიანის ნათქვამს გავს მისი განცხადება, რომელმაც ვერაფრით მოინელა “ნაციონალური მოძრაობა” და მიუხედავად იმისა, რომ წინა ხელისუფლების შეცდომებიც და წარსულიც ყველამ კარგად ვიცით, ამდენი წლის შემდეგააც საკუთარი შეცდომების და სირცხვილის ნაცვლად, ისევ მათ უტრიალებეს. არ ვიცი რამ შეაშინა ასე, მაგრამ ფაქტია, ყველა დევნილი და არა მარტო დევნილი გადააყოლა ამ შიშებს და ამ პარტიასთან ბრძოლას, ვერ გაიაზრა, რომ არ გვჭირდება არც ერთი, ვინც სამშობლოს დამოუკიდებლობის წართმევას შეეცდება. საინტერესოა, ანწუხელიძის ოჯახს რას ეტყოდა? დაობლებულ ბავშვებს როგორ ჩახედავდა თვალებში, შინდისის გმირებს როგორ ეტყოდა რომ ბოდიში გვაქვს მოსახდელი. უკვე ისიც აღარ გამიკვირდება, შემდეგ გამოსვლაზე რომ თქვას ჩვენზე, ამ ხალხმსა ნებით დატოვა საკუთარი საცხოვრებელი სახლებიო. ფუჭი ყოფილა ყველა გმირის დაღვრილი სისხლი, ჩვენი განადგურებული სახლ-კარი და დევნილის სტატუსთან ბრძოლა ამდენი წლის შემდგომაც..” – ამბობს დიდი ლიახვის ხეობის სოფელ ქემერტიდან დევნილი ნინი ოთინაშცილი.

იძულებით გადაადგილებული პირები ეხმაურებიან ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთ განცხადებას, თითქოს 2008 წელს ომი საქართველოს არა რუსეთთან, არამედ ეთნიკურად ოს მოსახლეობასთან ჰქონდა. დევნილები იმ უმძიმეს ვითარებაზე ყვებიან, რაც წლების განმავლობაში საკუთარ სოფლებსა და საცხოვრებელ სახლებში, რუსეთის ჯარისკაცების მხრიდან ახსოვთ. სწორედ მათი უშუალო მონაწილეობით საქართველოს მოქალაქეებს არა მხოლოდ საცხოვრებელისახლები გაუნადგურეს, არამედ, ოჯახის წევრები ცოცხლად დაუწვეს.

“მე პირადად მაგ სექტის გამოსვლებს, მოწოდებებს და ლოზუნგებს სერიოზული თვალით ვერ ვუყურებ. აღარც კი ვბრაზობ. რაც მაგათ უნამუსობას შეეფერება ზუსტად, ის სიტყვები თქვა, მეტის მოლოდინი არც მქონია. ამ რუსეთის მონებისგან გასაკვირი რაღა არის? ყველანაირად ცდილობენ დაგვაჩლუნგონ და დაგვამონონ, მაგრამ არ გამოუვათ“, – ამბობს პატარა ლიახვის ხოების სოფელ საცხენეთიდან დევნილი თამუნა ბიგანიშვილი. 

იძულებით გადაადგილებული პირები დღეს აპირებენ შეუერთდნენ აქციას, რომელიც გორში, ბიძინა ივანიშვილის განცხადების შემდეგ დაიგეგმა. მმართველი პარტიის ლიდერმა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების დასრულების შემდეგ, როცა “ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან”, ბოდიში უნდა მოვიხადოთ იმის გამო, რომ “მოღალატე ნაციონალურმა მოძრაობამ” 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები”. ივანიშვილის ამ განცხადებას დღეს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის მხრიდან მწვავე პროტესტი მოჰყვა.

დაკავშირებული სტატიები

www.metalab.ge

ანალიტიკური ცენტრი

TOP.GE

მოიწონე გვერდი

ბოლო სიახლეები

© metalab.ge –  საიტი შექმნილია  IWPR – ის მხარდაჭერით.