წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკოსები უხვი დაპირებებით გამოირჩევიან. გამონაკლისი არც 2024, საპარლამენტო არჩევნების წელი იქნება და არც გასული პერიოდი იყო. უკეთესი საცხოვრებელი პირობები და სასურველი სერვისები – ის ძირითადი დაპირებებია, რომლებსაც თითქმის ყოველ ოთხწელიწადში ერთხელ ვისმენთ. ამომრჩეველთა ნაწილი კი მას უპირობოდ ენდობა.
ერთ-ერთი ასეთი იყო 2020 წელს “ქართული ოცნების” ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის დაპირება, რომლის თანახმად, გორში, ყოფილი ბაზრის ტერიტორია რეკრეაციულ ზონად გადაკეთდებოდა და ამ პროცესს “ქართუ ჯგუფი” დააფინანსებდა. 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ამ დაპირებას მმართველი გუნდის დეპუტატებიც აქტიურად აჟღერებდნენ და მუნიციპალიტეტისთვის დაბრუნებულ ტერიტორიას, გორელებისთვის ბიძინა ივანიშვილის საჩუქარს უწოდებდნენ.
არჩევნების დასრულების შემდეგ ბიძინა ივანიშვილისთვის, მის მიერ აღებული ეს პასუხისმგებლობა აღარავის შეუხსენებია, ყოველშემთხვევაში თითქმის 4 წლის შემდეგ ამ ტერიტორიაზე არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა რომ “ქართუს” მიერ კერძო მესაკუთრისგან გამოსყიდული და გორის მერიის ბალანსზე აღრიცხულ ტერიტორიას ღობე შემოავლეს. საუბარია 3915.00 კვ.მ არასასოფლო სამეურნეო მიწის ნავეთზე, სადაც ამ დრომდე ძველი შენობების დემონტაჟიც არ მომხდარა.
“ქართული ოცნების” წარმომადგენელთა პროგნოზით, სამუშაოები 2021 წლიდან დაიწყებოდა და 2 ჰა -ზე მეტი ფართობის ტერიტორიაზე 1500 ბუჩქი და 400 ძირი ხე დაირგვებოდა. 2021, 2022, 2023 წლებში აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის, მინიმუმ სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მაინც უნდა შედგენილიყოთ, თუმცა არც მაშინ და არც ახლა ვერავინ ასახელებს, რა თანხა სჭირდება ამ ყველაფრის სისრულეში მოყვანას, რასაც ივანიშვილის დაპირების თანახმად, “ქართუ” დააფინანსებდა.
გორის მერიას ამ დროისთვის არანაირი გეგმა არ გააჩნია, თუ რას აპირებს, ივანიშვილის შეუსრულებელი დაპირების ფონზე, ყოფილი ბაზრის ტერიტორიაზე. ყოველ შემთხვევაში უწყების მიერ გაცემულ საჯარო ინფორმაციაში რაიმე სახის სტრატეგიაზეც არაა საუბარი და მუნიციპალიტეტი ისევ ცენტრიდან მოლოდინის რეჟიმში იმყოფება. რაიმე სახის გადაწყვეტილების მიღებამდე, “ქართული ოცნების” ლიდერის მიერ გორის მერიისთვის წინასაარჩევნოდ გაცემული საჩუქარი, ამ დრომდე მხოლოდ ნარჩენებსა და ანტისანიტარიას მოიცავს.
27/04/2024 by Georgian Media Group