აფხაზეთსა და ცხინვალში ინფორმაციის გაყალბების პროცესმა ბოლო პერიოდში მასიური ხასიათი მიიღო. ადგილობრივების თქმით, ახალ თაობას სკოლებში შეცვლილ ისტორიას ასწავლიან, აწვდიან ატლასებს სხვადასხვა მასალებს, რაც რეალობის ნაცვლად, გამოგონილ/დამახინჯებულ ინფორმაციას ასახავს.
პარალელურად, მიმდინარეობს ეკლესიებზე ქართული კვალის გაქრობის მცდელობა. მაგალითად არსებობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი გერის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომელსაც დამატებითი მიშენებები გაუკეთეს და წარწერები წაუშალეს.
აჩაბეთის ციხეზეც სხვადასხვა სამუშაოები შეასრულეს, ოსური დროშა აღმართეს და მას რუსულ-ოსური საინფორმაციო საშუალებები უკვე “ალანიის ციხედ” იხსენიებენ.
სპეციალისტების შეფასებით, სახეზეა ისტორიის დამახინჯების მდელობა, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში დიდი ხნის წინ დაიწყო.
აჩაბეთის ციხეზე ოსური დროშა აღმართეს და მას “ალანიის ციხე” დაარქვეს.
“აჩაბეთის ციხეზე განხორციელებული სამუშაოები ნათელი მაგალითია, რომ ეს ზედაპირულად და არასწორად შესრულდა (საჭირო ეტაპების გავლის გარეშე). რაღაცეები გალესეს და რესტორანი გეგონება რომ შეხედავ, ისეა სამუშაოები შესრულებული. ისტორიული ძეგლები განადგურების საფრთხის წინაშეა და იქ ჩვენ ხელი არ მიგვიწვდება. იქ რუსული სამხედრო ბაზებია და არ ვიცით როდის, რა დაემუქრება იქ დარჩენილ ისტორიულ ნაგებობებსა და ძეგლებს. მით უმეტეს, თუ მათ ამჟამინდელ მდგომარეობასაც და იქ მიმდინარე პროცესებსაც გავითვალისწინებთ. იქ, სადაც საარტილერიო დანადგარებია და წვრთნებს ატარებენ, ტაძრების განადგურების საფრთხეზე საუბარი ბუნებრივია“,-ამბობს ხელოვნებათმცოდნე პაატა ბასიშვილი.
იძულებით მიტოვებული ტაძრები, რომლებიც საომარ მოქმედებებს გადაურჩა ამჟამად სავალალო მდგომარეობაშია და განადგურების საფრთხე ემუქრება. ამის შესახებ ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის მხრიდანაც ვრცელდება, თუმცა როგორც სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, სათანადო ზომების მიღების ნაცვლად, ადგილზე, მიზანმიმართული კამპანია ხორციელდება.
უსახურმა შენობებმა არაერთი ისტორიული ადგილი მოიცვა. მაგალითად, ცხინვალის ჩრდილოეთ ნაწილში, სოფელ დგვრისში, რკინიგზის სადგურიდან, მდინარე დიდ ლიახვზე მიმავალი გზის მარცხენა მხარეს, ეკლესია არსებობდა. მის ნანგრევებზე ახლა სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა რა შენობა დაიკავებს ამ ტერიტორიას ჯერჯერობით უცნობია.
აფხაზეთსა და ცხინვალში, ეკლესიებსა და ისტორიულ ძეგლებზე სახელების გადაკეთება და ქართული წარწერების წაშლა ისტორიის დამახინჯებას ემსახურება – ასე აფასებენ ქართველი ექსპერტები ქმედებებს, რაც განსაკუთრებით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ გახდა შესამჩნევი. პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა ამ საკითხზე არაერთი წიგნი გამოსცა, სადაც ქართული კვალის წაშლის მცდელობაზე კონკრეტულ ფაქტებს ასახელებს.
ეკლესია-მონასტრები და საკულტო ნაგებობები იმ ტერიტორიებზე მდებარეობს, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ, ვეღარ აკონტროლებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, აფხაზეთისა და ცხინვალის მიმართულებით ასეთი დაახლოებით 125 სოფელია.
მათ შორისაა ფრონეს, დიდი და პატარა ლიახვის ხეობები, ახალგორის რაიონი და აფხაზეთში კოდორის ხეობა.
დიდი ლიახვის ხეობაში ოკუპირებულია 9 სოფელი, პატარა ლიახვის ხეობაში – 10, ფრონეს ხეობაში კი 2.
ახალგორში 82 დასახლებული პუნქტია, რომელსაც მე-14 წელია ცხინვალის რეჟიმი აკონტროლებს:
აფხაზეთში კი 22 სოფელია, სადაც ქართველი სამართალდამცავები ვერ პატრულირებენ:
“გუგლის რუკით, რომ ჩახედოთ, ვერ იტყვით, იქ თუ ოდესღაც სოფლები იყო და ხალხი ცხოვრობდა, მთლიანად მინდვრებითაა მოცული დიდი ლიახვის ხეობა (კეხვი, ქურთა, ზემო და ქვემო აჩაბეთი, ძარწემი, ქემერტი, ხეითი, თამარაშენი, სვერი). რაც შეეხება იკორთას, ეს ტაძარი პატარა ლიახვის ხეობას ეკუთვნოდა, 2008 წლამდე სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობდა, ხარაჩოები ისევ ისე დარჩა. შემდეგ უკვე იქ მყოფი ძალები მის რესტავრაციას აპირებდნენ, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა და გაჩერდნენ. კონკრეტული სამუშაოები არ ჩაუტარებიათ. თირის მონასტერს კი გადახადეს სახურავი და რაღაც სამუშაოები ჩაატარეს“, – ამბობს დიდი ლიახვის ხეობის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალის დირექტორი, ბადრი გასპაროვი.
თირის მონასტრის სახელით ცნობილი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი/სამონატრო კომპლექსი ცხინვალის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს. ისტორიული წყაროების მიხედვით, კომპლექსის შენობებს შორის ყველაზე ადრინდელი, XIII საუკუნის II ნახევრის ღვთისმშობლის ეკლესიაა. 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, მას ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია მიენიჭა. დღეს კი მას ახალ თაობას “სამხრეთ-ოსეთის” მონასტრის სახელით აცნობენ.
ისტორიული ცნობების შეცვლა მიმდინარეობს ახალგორის რაიონშიც. ქსნის ერისთავების სასახლეს ცინვალის რეჟიმის ამჟამინდელი ხელმძღვანელის, ანატოლი ბიბილოვის გვარს უკავშირებენ და ადგილობრივ ახალგაზარდებს მასზე დამახინჯებულ ცნობებს აწვდიან.
ძეგლების ისტორიასთან ერთად სახელებს უცვლიან ოკუპირებულ სოფლებსაც. ქართული კვალის წაშლისკენ მიმართულ ქმედებად მიიჩნევენ ექსპერტები ახალგორში ქართული ენის შესწავლის აკრძალვასაც. ეს გადაწყვეტილება თავად ცხინვალის რეჟიმის ხელმძღვანელმა, ანატოლი ბიბილოვმა გაახმოვანა და ქართული ენის აკრძალვა საჭირო და აუცილებელ ფაქტორად დაასახელა.
“ჩვენ არ ვართ ქართული ენის და მისი სკოლაში სწავლის წინააღმდეგი, მაგრამ ჩვენი შვილები, საგანმანათლებლო დაწესებულებების დამთავრების შემდეგ, უნდა შევიდნენ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უმაღლეს სასწავლებლებში, ან რუსეთის ფედერაციის უმაღლეს სასწავლებლებში, შემდეგ კი იცხოვრონ და იმუშაონ რესპუბლიკაში. ამისთვის მათ უნდა შევუქმნათ შესაბამისი პირობები, რათა თავიდან აიცილონ ენობრივი ბარიერი. განურჩევლად ეროვნებისა,“ – აღნიშნა ბიბილოვმა.
მიზანმიმართული გადაწყვეტილებების საპასუხოდ პროფესორი მაია ქვრივიშვილი ახალგაზრდებს და სხვა დაინტერესებულ პირებს რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით შექმნილი დოკუმენტური მასალების გაცნობას და გავრცელებას ურჩევს. მისი აზრით, აღნიშნულ საკითხზე საფრთეები სერიოზულია, რომლის შესაჩერებლადაც შესაბამის უწყებებს დროული და ეფექტური რეაგირებისკენ მოუწოდებს.
პროცესში ქართული მხარე მუდმივად ითხოვდა იუნესკოს ჩართვას როგორც ცხინვალის, ისე აფხაზეთის მიმართულებით. ამ საკითხის განხილვა მიმდინარეობდა IPRM-ის შეხვედრებზეც და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებშიც. ერთ-ერთი ბოლო ტრიბუნა, სადაც ეს ინიციატივა გაჟღერდა საფრანგეთში იყო. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განადგურების საფრთხის წინაშე არსებულ ისტორიაზე ისაუბრა და პროცესის შესაჩერებლად ყურადღების გამოჩენა საერთაშორისო დონეზე ითხოვა.
“დიდი ლიახვის ხეობის სოფელ ძარწემის ადგილას და მიმდებარე ტერიტორიებზე მოწყობილია სასროლეთი, ხოლო პატარა ლიახვის ხეობის სოფელ ერედვის ადგილას მოწყობილია ნაგავსაყრელი. რუსეთის საოკუპაციო ძალები აქტიურად ცდილობენ ოკუპირებულ რეგიონებში ქართული კვალის წაშლას. ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში არსებული მატერიალურ-კულტურული ძეგლების უმრავლესობა გაძარცვულია და ე.წ. სარემონტო სამუშაოების ჩატარების საბაბით,
მიმდინარეობს მათთვის იერსახის შეცვლა”, – აცხადებენ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
იუნესკოს 75 წლისთავისადმი მიძღვნილ ფორუმში, რომელზეც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პირველი პირები შეიკრიბნენ, მსოფლიოს თანამედროვე გამოწვევებთან გამკლავების მიმართულებით, ორგანიზაციის მნიშვნელობასა და როლს განიხილავდნენ.
ცხინვალის რეგიონში სულ 600-მდე ისტორიულ ძეგლია, მათი ნაწილი 1991 წლის მიწისძვრის დროს, ნაწილი 2008 წლის ომის შედეგად დაზიანდა. აფხაზეთის ტერიტორიაზე კი საკულტო დანიშნულების დაახლოებით 150 – მდე ნაგებობა დგას.
ის ნაწილი, რომელიც დაზიანებას და ნგრევას გადაურჩა უკვე ტყე-ღრეებში, თითქმის მიუვალ ადგილებშია მოქცეული. მათი კვალი მალე შესაძლოა მხოლოდ ისტორიის ფურცლებსა და დოკუმენტურ მასალებში დარჩეს.