პოლიტიკა აუთვისებელი თანხები ჯანდაცვის მუხლში და სერვისებთან დაშორებული მოსახლეობა

აუთვისებელი თანხები ჯანდაცვის მუხლში და სერვისებთან დაშორებული მოსახლეობა

metalab.ge

ჯანდაცვის სერვისების არსებობა და ხელმისაწვდომობა XXI-ე საუკუნეშიც კი ერთ-ერთ გამოწვევად რჩება მთელ რიგ ქვექნებში, მათ შორის საქართველოშიც. ჯანმრთელობის დაცვის უფლება ჩვენს ქვეყანაში კონსტიტუციითაა დაცული, ‘’ მოქალაქის უფლება ხელმისაწვდომ და ხარისხიან ჯანმრთელობის დაცვის მომსახურებაზე უზრუნველყოფილია კანონით. შესაბამისად,  სახელმწიფო უნდა აკონტროლებს ჯანმრთელობის დაცვის ყველა დაწესებულებას და სამედიცინო მომსახურების ხარისხს, არეგულირებდეს ფარმაცევტულ წარმოებას და ფარმაცევტული საშუალებების მიმოქცევას’’  – წერია ოფიციალურ ჩანაწერში.

რამდენად ეფექტურად რეალიზდება აღნიშნული დათქმა პრაქტიკაში?

საქართველოში არსებულ სოციალურ სერვისებზე საზოგადოების ცნობიერება რადიკალურად დაბალია.  მოსახლეობის თითქმის 30%-ს არ სმენია არცერთი სოციალური სერვისის შესახებ, 57.7% კი მხოლოდ  სოციალურ პროგრამას იცნობს. ინფორმაციის არქონის გამო, მოქალაქეები, მათ შორის ახალგაზრდები იმ საბაზისო მხარდაჭერის მიღმა რჩებიან, როგორებიცაა განათლებაზე ხელმისაწვდომობა, ჯანდაცვა, სპორტი და ცხოვრების ჯანსაღი წესი, ტრანსპორტირება, სოციალური ინტეგრაცია და სხვა სიკეთეები, რომლებიც მათთვის ადამიანის ფუნდამენტური უფლებებით და ქვეყნის სოციალური პოლიტიკითაა გარანტირებული.

ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის პრობლემის კუთხით გამონაკლისი არც გორის მუნიციპალიტეტია. ეს საკითხი კი პირდაპირ კავშირშია დემოგრაფიულ განაწილებასთან და ცხოვრების ხარისხთან, განსაკუთრებით საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში, სადაც გამართული ჯანდაცვის სისტემის არსებობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. როგორც ადგილობრივებისთვის, ისე-ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.

გორის მუნიციპალიტეტში 2020-2024 წლებში ჯანდაცვის სერვისებზე გამოყოფილი თანხის განაწილებას თუ შევაფასებთ, ნათლად დავინახავთ, რომ რეალური ხარჯი ბევრად ნაკლებია,  ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხებზე.

წყარო: გორის მუნიციპალიტეტის მერია

მაგალითად, 2023 წელს, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო დახმარებისთვის გამოყოფილი თანხიდან აუთვისებელი დარჩა 29 276 ლარი, ხოლო ამავე წელს, იშვიათი დაავადებების მქონდე და მუდმივ ჩანაცვლებას დაქვემდებარებული ბენეფიციარებისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხიდან მუნიციპალიტეტმა ვერ გახარჯა 18169 ლარი.

როგორც ცხრილიდან ჩანს, უმრავლეს შემთხვევაში ჯანდაცვის სერვისებზე თანხები ყოველწლიურად იზრდება, თუმცა მათი სრულად ათვისება ბოლო ოთხ წელში, თითქმის არასდროს ფიქსირდება. თუ მუნიციპალიტეტი მუდმივად ითხოვს იმაზე მეტ ფულს, ვიდრე გამოიყენებს და ეს ტენდენცია ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ინტენსიურად გრძელდება, ბიუჯეტის არაეფექტური დაგეგმვა და არასახარბიელო ფინანსური მენეჯმენტი სახეზეა.

მხოლოდ სამედიცინო დახმარების მიმართულებით, 2020-2023 წლებში გორის მერიამ 2 მლნ 21 ათას 981 ლარი გაითვალისწინა, საიდანაც ჯამში 103 107 ლარი ვერ დახარჯა, თითქმის იმდენი, რამდენიც წელიწადშიერთჯერადი სოციალური (ფულადი) დახმარების მუხლშია განსაზღვული.

ეს გარემოება საფუძვლიან არგუმენტებს ქმნის სახსრების არასწორად გადანაწილებისა და ხარჯების გაუმჭვირვალობის შესახებ. მაგალითად, არასაკმარისი ხარჯვის ეს ნიმუში შეიძლება მიუთითებდეს ისეთ საკითხებზე,  როგორიცაა სახელმწიფო სახსრების არაეფექტური განკარგვა. ამ თემაზე საუბარი აუდიტის დასკვნაშიცაა, რომლის მიხედვით, მუნიციპალიტეტმა არსებითი მოცულობის თავისუფალი ნაშთი დააგროვა.

მითუმეტეს, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით, ბოლო პერიოდში, 2017 წლიდან ამბულატორიულ-პოლიკლინიკურ დაწესებულებებში გაზრდილია მიმართვიანობა და ბოლო (2022 წლის) მონაცემებით, ეს რიცხვი 15 202.8 ათასს შეადგენს. ქვეყანაში ჯანდაცვის სერვისებზე გაზრდილი მოთხოვნის მიუხედავად, გორში, ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის სრულად ათვისება ბოლო 4 წელია მაინც ვერ ხერხდება.

წყარო: საქსტატი

პრობლემები და გამოწვევები:

სამედიცინო სერვისებზე გაზრდილი მოთხოვნის პარალელურად, გორის მუნიციპალიტეტში მაცხოვრებლებისთვის დღემდე გამოწვევად მასთან დაკავშირებული არაერთი საკითხი რჩება. მათ შორის:  

  •  სოფლებში პირველადი სამედიცინო სერვისების მიღება შეუძლებელია ამბულატორიების არარსებობის, ტექნიკურად გაუმართაობის ან პროფესიონალი კადრების დეფიციტის გამო.
  • პრობლემაა ასევე კვალიფიციური ადამიანური რესურსის არათანაბარი გეოგრაფიული გადანაწილება. გარდა ამისა, მოუწესრიგებელია ექიმის სამუშაო სივრცეები და ინფრასტრუქტურა.

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ამბულატორიების გამართვა და სერვისის ეფექტური მიწოდება პირველადი ჯანდაცვის სისტემის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რომელიც ოთხ ძირითად კომპონენტს მოიცავს:

  • ხელმისაწვდომობა სერვისებზე

  •  სერვისის უწყვეტობა, ყოვლისმომცველობა (იგულისხმება არა მხოლოდ ფიზიკური კეთილდღეობა, არამედ-მენტალური ჯანმრთელობა და ფსიქოლოგის მომსახურება)

  • კოორდინირება (სისტემა უნდა იძლეოდეს შესაძლებლობას, საჭიროების შემთხვევაში პაციენტი შეუფერხებლად გადამისამართდეს ქალაქის კლინიკაში), თუმცა დღესდღეობით, არ ხდება არსებული სერვისების ხარისხის შეფასების მონიტორინგი, რადაგან რეგიონებში მცხოვრებლები ვერ იღებენ ფსიქოლოგის სერვისს.

  • კლინიკებში არსებული რიგი და დაყოვნების დრო, რომელიც გამოწვეულია კვალიფიციური კადრების ნაკლებობით.

  • სოციალური პრობლემების და არსებულ უფასო პროგრამებზე ინფორმაციის ნაკლებობის გამო, მოსახლეობა ვერ ახერხებს შესაბამისი სერვისებით სარგებლობას. მათ არ იციან თუ რომელი სერვისი ფინანსდება სახელმწიფოს მიერ და თავადაც არ აქვთ საშუალება, უზრუნველყონ მომსახურების საფასურის დაფარვა.

  • კლინიკებში არსებული აპარატურის ტექნიკური გაუმართაობა ერთ-ერთ გამოწვევად რჩება დღემდე, რაც პირდაპირ აისახება მიღებული სერვისის სანდოობასა და ხარისხზე.

მსგავსი პრობლემებია შიდა ქართლის სხვა მუნიციპალიტეტებშიც. ზოგიერთ სოფელში სამედიცინო დაწესებულება საერთოდ არ არსებობს. მაგალითად, ქარელის მუნიციპალიტეტის 81 სოფლიდან ამბულატორიის მომსახურებით მხოლოდ 19 სარგებლობს.

როგორი უნდა იყოს თანამედროვე სტანდარტების მქონე ამბულატორია?

 საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ამბულატორიული სერვისის მიმწოდებლების მინიმალური მოთხოვნების თანახმად, კანონით დადგენილია, რომ ამბულატორიული სერვისის მიმწოდებელს უნდა ჰქონდეს მოსაცდელი და ექიმის საკონსულტაციო ოთახი. ექიმის საკონსულტაციო ოთახ(ებ)ი აღჭურვილი უნდა იყოს საოფისე ავეჯით (საოფისე მაგიდა, პაციენტის გასასინჯი ტახტი და სამედიცინო (მედიკამენტების/ინსტრუმენტების) კარადა). ამბულატორიული სერვისის მიმწოდებელს ასევე უნდა ჰქონდეს ინფრასტრუქტურა და საშუალებები პირადი ჰიგიენის დაცვის, შენობის დასუფთავებისა და დეზინფექციისათვის (წყალმომარაგება, სანიტარიული კვანძი, ჰიგიენისა და სადეზინფექციო საშუალებები). ექიმის საკონსულტაციო ოთახ(ებ)ში უნდა იყოს ბუნებრივი განათება, გათბობა, ბუნებრივი ვენტილაცია. ამბულატორიული სერვისის მიწოდებისას გათვალისწინებული უნდა იყოს პირობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უსაფრთხო გადაადგილებისათვის (მათ შორის, პანდუსი). დადგენილი სტანდარტი ასევე ითვალისწინებს უწყვეტი წყლითა და ელექტრომომარაგებით უზრუნველყოფას.  

ამავე დროს, პირველადი ჯანდაცვის ექიმმა სოფლად, ისევე როგორც ამბულატორიული სერვისის ნებისმიერმა მიმწოდებელმა, უნდა უზრუნველყოს სამედიცინო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული ღონისძიებები უშუალოდ და განახორციელოს მისი მონიტორინგი.

“სოფლის ექიმის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოსახლეობისათვის პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის მონიტორინგის 2022 წლის შედეგებში’’ ვკითხულობთ, რომ 2019 წლის შემდეგ მდგომარეობა პრაქტიკულად არაა გაუმჯობესებული, კერძოდ, ‘’ ამბულატორიების შენობების უმრავლესობა არ აკმაყოფილებს საპირფარეშოს, ჰიგიენის და სადეზინფექციო მოთხოვნების მინიმალურ სტანდარტებს, ცალკეულ რეგიონებში საჭიროა ელექტროენერგიის/მუდმივი წყლის მიწოდების სისტემის გაყვანა/რეაბილიტაცია, ამბულატორიების ნაწილი არ არის უზრუნველყოფილი ადგილმდებარეობის შესაბამისი გამართული გათბობის სისტემით (ელექტროენერგიით ან გაზით გათბობის სისტემები), ამბულატორიების და საექიმო პუნქტების ნაწილი არ აკმაყოფილებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის ადაპტირებული სივრცის მოწყობის სტანდარტებს’’.

ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია ხაშურის მუნიციპალიტეტზე, კერძოდ, აღნიშნულია, რომ სოფელ ალის ამბულატორია განთავსებულია კერძო სახლის მეორე სართულზე და ბუნებრივია ის ვერ აკმაყოფილებს „მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტების“ მინიმალურ მოთხოვნებსაც კი.

სოფელ ქვიშხეთის ამბულატორია განთავსებულია მოძველებული და ამორტიზებული შენობის მეორე სართულზე. კიბესთან ერთად არ არის ადაპტირებული ასასვლელი შშმპ პირებისთვის.

აღნიშნული მაგალითიდან ჩანს, რომ არსებული საკანონმდებლო მოთხოვნა და პრაქტიკა განსხვავდება ერთმანეთისგან, რაც არა თუ კანონის ხარვეზზე, არამედ მის არასათანადო აღსრულებასა და კონტროლის მექანიზმების არაეფექტურობაზე მეტყველებს.

სასმელი წყალი, როგორც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ერთ-ერთი აუცილებელი რესურსი

როდესაც ვსაუბრობთ ჯანდაცვის სერვისების ხარისხიან და ეფექტურ მიწოდებაზე, პირველ რიგში, განვიხილავთ კვალიფიციურ კადრებს, სერვისის ღირებულებას, ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობას და ხშირად გვავიწყდება, რომ სასმელად ვარგისი წყალიც ამ დიდი ჯაჭვის ნაწილია, რომელიც არა მხოლოდ სასიცოცხლოდ აუცილებელი რესურსია, არამედ პირდაპირ კავშირშია სოფლად მცხოვრები მოქალაქეებისთვის ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისის მიწოდებასთან და მათი ჯანმრთელობის უფლების დაცვასთან.

წყარო: გორის მუნიციპალიტეტის მერია by Georgian Media Group

მაგალითად, გორის მუნიციპალიტეტში არსებული 90 სოფლიდან 57 სარგებლობს წყლის მუდმივი მიწოდების სერვისით, 20 მათგანს წყალი გრაფიკით მიეწოდება, 5 სოფელში წყლის სისტემა მოუწესრიგებელი/ნახევრად გაუმართავია, ხოლო 8 სოფლის წყალმომარაგებაზე ინფორმაცია მიუწვდომელია.

ასევე, ქარელის მუნიციპალიტეტში არსებული 81 სოფლიდან 8 სოფელს არ მიეწოდება სასმელი წყალი 24 საათიანი რეჟიმით: აფნისი, საღოლაშენი, თამარაშენი, აბისი, ბერძენაული, ცერონისი, ზემო ხვედურეთი, ავლევი. მერიის საპასუხო წერილის თანახმად, ამ სოფლებში პრობლემის მოგვარება 2024 წელს, ქარელის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტითაა დაგეგმილი.

ერთი რეგიონის მაგალითიდანაც ჩანს, რომ მოქალაქეთა ჯანმრთელობის უფლებები კომპლექსურად ირღვევა. მაშინ როცა ხელისუფლება თავს იწონებს ევროინტეგრაციის მიმართულებით ეფექტური ნაბიჯების გადადგმითა და საკუთარი წვლილის წარმოჩინებით, ქვეყანაში სოფლად მცხოვრები მოქალაქეების ნაწილს ჯანდაცვის კუთხით მინიმუალური პირობებიც არ აქვთ შექმნილი. რომ აღარაფერი ვთქვათ ამბულატორიებისთვის დახარჯული თანხების არაეფექტურობასა და ადგილზე ამ სფეროში არსებულ უკონტროლო ვითარებაზე.

საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი ჯანდაცვის სისტემის გამართულობასა და ხარისხიანი სერვისების ხელმისაწვდომობასაც მოიცავს. უფრო კონკრეტულად კი ევროკავშირის მიერ დადგენილი მინიმალური სტანდარტები და რეკომენდაციები ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისების გარანტიაა. საქართველოს კი, როგორც ევროკავშირის წევრობის პოტენციურ კანდიდატს, აქვს ვალდებულება, არსებული კანონმდებლობა და შემდეგ მისი აღსრულება უზრუნველყოს სწორედ ევროპული სტანდარტების შესაბამისად. ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესების მიზნით, ხელი შეუწყოს კვალიფიციური კადრების გადამზადებისა და გაძლიერების პროცესს, არსებული სერვისების გაუმჯობესებასა და მათ შესახებ ცნობიერების ამაღლებას, რათა ყველა დაინტერესებულმა პირმა შეძლოს, საჭიროებისამებრ, სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში, ჯანდაცვის მომსახურებით სარგებლობა და შესაბამისად საკუთარი ჯანმრთელობის უფლების დაცვა.

მასალა მომზადებულია “ფორსეტის” მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში

დაკავშირებული სტატიები

www.metalab.ge

ანალიტიკური ცენტრი

TOP.GE

მოიწონე გვერდი

ბოლო სიახლეები

© metalab.ge –  საიტი შექმნილია  IWPR – ის მხარდაჭერით.